
თეიმურაზ კუპატაძე: „არ ველოდებით არანაირ პროვოკაციას“
28/05/2019 07:44:57 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილის განცხადებით, დავით–გარეჯში მსვლელობისას არანაირ პროვოკაციას არ ელოდებიან.
„არ ველოდებით არანაირ პროვოკაციას. იმიტომ ვართ ჩვენ აქ, რომ მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა მოხდეს“, - განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.
მისივე თქმით, მოქალაქეების აყვანა ჩიჩხიტურის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვით მოხდება.
„რა თქმა უნდა, აქ შეკრებილ ხალხს ექნება საშუალება ჩიჩხიტურის კოშკთან ასვლის. ჩვენ ვუზრუნველყოფთ ეტაპობრივად მოვახდინოთ ამ ხალხის აყვანა. რამოდენიმე ადამიანს ავიყვანთ ორგანიზებულად, შემდეგ ისინი რომ ჩამოვლენ, მეორე ეტაპი ავა“, - განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.
ქართველი და აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დილიდან არიან მობილიზებული დავით–გარეჯის კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე და ერთობლივად ახორციელებენ ადგილზე არსებული ვითარების მონიტორინგს. ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით, აზერბაიჯანული მხარე არ გეგმავს არანაირ მსვლელობას და აქციას.
ცნობისთვის: დავით-გარეჯში მასშტაბური მსვლელობა სახელწოდებით „გარეჯი საქართველოა ჩვენ კავკასიის შვილები ვართ“ მიმდინარეობს. მსვლელობაში მონაწილეობას 15 ეპარქიის მრევლი, სასულიერო პირები, სამოქალაქო აქტივისტები და გიდები იღებენ. აქციის მონაწილეების და სასულიერო პირების თქმით, მსვლელობა მშვიდობიანია და სურთ ამ მსვლელობით, მიაწვდინონ ყველას ხმა, რომ დავით–გარეჯი საქართველოს განუყოფელი ნაწილია.