პოლონეთის თავდაცვის მინისტრი რუსეთსა და NATO-ს შორის ომს არ გამორიცხავს
06/02/2024 07:04:51 მსოფლიო
პოლონეთის თავდაცვის მინისტრი, ვიცე-პრემიერი ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში NATO-ს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას არ გამორიცხავს, თუ უკრაინა რუსეთთან ომში დამარცხდება.
„მე ვვარაუდობ ყველა სცენარს და სერიოზულად ვეკიდები ყველაზე უარესს. ასეთია თავდაცვის მინისტრის როლი სიტუაციაში, რომელშიც დღეს ვიმყოფებით. ეს არ არის ჰაერზე ნათქვამი სიტყვები“, - განუცხადა მინისტრმა გამოცემა Super Express-ს.
კოსინიაკ-კამიშის თქმით, მსოფლიოში სიტუაცია ძალიან სერიოზულია და ეს ეხება არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ახლო აღმოსავლეთის და წყნარი ოკეანის რეგიონებს. პოლონეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ყველა სცენარისთვის მზად უნდა იყვნენ, ამიტომ მიმდინარეობს სიტუაციის შესწავლა, დასკვნების გამოტანა და ხარვეზების შევსება, მათ შორის არმიის შეიარაღებაში.
ევროპაში ახალი ომის საფრთხის შესახებ ბოლო ხანს განაცხადეს გერმანიამ და შვედეთმაც.
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მეხუთე მუხლით, NATO-ს რომელიმე წევრზე შეიარაღებული თავდასხმა ყველას წინააღმდეგ თავდასხმას ნიშნავს და კოლექტიურ თავდაცვას იწვევს.


