Accentnews.ge
"აფერუმ ქართველებს... საქართველო რუსეთს უბრუნდება" - მოსკოვის რეაქცია ქართული სუს-ის ოპერაციაზე

"აფერუმ ქართველებს... საქართველო რუსეთს უბრუნდება" - მოსკოვის რეაქცია ქართული სუს-ის ოპერაციაზე

06/02/2024 08:34:30 პოლიტიკა, სამართალი

რუსი პოლიტიკოსები, პოლიტოლოგები და ექსპერტები აქტიურად ეხმიანებიან ქართული სუს-ის განცხადებას რუსეთში გამოსაყენებლად გამიზნული ასაფეთქებლების უკრაინული ტვირთის დაკავების შესახებ. მოსკოვი თბილისს აქებს და "საქართველოს რუსეთისკენ შეტრიალებაზე" მიუთითებს.

საუბარია სუს-ის 5 თებერვლის განცხადებაზე, რომლის თანახმად, დაკავებულ იქნა ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და მოწყბილობებისგან შემდგარი ტვირთი, რომელიც ოდესიდან ვორონეჟისკენ მიემართებოდა რუმინეთს, ბულგარეთისა და თურქეთის გავლით.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ალექსეი ჩეპას შეფასებით, "საქართველო რუსეთისგან მადლობას იმსახურებს უკრაინული ასაფეთქებლების ტვირთის დაკავების გამო, ქართულმა სპეცსამსახურებმა კარგად იმუშავეს, მაგრამ გადასამოწმებელია, შეგნებულად გაატარეს თუ არა ეს ტვირთი რუმინეთმა, ბულგარეთმა და თურქეთმა":

"ქართულ სასაზღვრო სამსახურს მადლობა ეკუთვნის, დროულად რომ შეამჩნია ეს ტვირთი. ეს აბსოლუტურად სწორია და შეესაბამება ჩვენს შეთანხმებებს. ეს იყო საშიში ტვირთი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე შეიძლებოდა, ამოქმედებულიყო".

ანტიტერორის ქვედანაყოფ "ალფას" ვეტერანთა ასოციაციის პრეზიდენტ სერგეი გონჩაროვის განცხადებით, აღნიშნული ოპერაცია შეიძლება, "კარგ ფაქტორად იქცეს რუსეთ-საქართვლოს ურთიერთობებში და ნიშანია იმისა, რომ საქართველო რუსეთისკენ ტრიალდება":

"ვფიქრობ, ქართველებმა ჩვენი - რუსული სპეცსამსახურების ინფორმაციის საფუძველზე იმოქმედეს, მაგრამ იმოქმედეს კარგად, სწრაფად და ვთვლი, რომ ეს კარგი პოლიტიკური ფაქტორია: ეს იმაზე მეტყველებს, რომ საქართველო, როგორც ჩანს, რუსეთისკენ ტრიალდება და ჩვენი ურთიერთობები გაუმჯობესდება".

რუსული ანალიტიური ცენტრი "კატეხონი" აღნიშნავს, რომ თბილისის მოქმედება "დასტურია საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების სრული ადექვატურობის" და იმის, რომ "ეს ხელისუფლება საქართველოს მინიმალურ სუვერენიტეტს მაინც ინარჩნებს":

"მართალია, ეს ხელისუფლება პრორუსული არაა, მაგრამ ახერხებს, მინიმალური სუვერენიტეტი მაინც შეინარჩუნოს და არ დაუშვას საქართველოს ჩაბმა რუსეთთან კონფლიქტში. "ქართული ოცნება" ხისტად კვეთს ყველა მცდელობას, ქვეყანა ანტირუსულ ტერაქტებში და დივერსიებში იქნას გამოყენებული. მსგავსი პოზიცია გზას უხსნის რუსეთ-საქართვლოს ურთიერთობების დარეგულირებას. მეორეს მხრივ, სწორედ თბილისის ამ დამოუკიდებელი პოზიციის გამო აშშ აქტიურად ეცდება მოქმედი ხელისუფლების და პირადად ბიძინა ივანიშვილის შეცვლას პროდასავლური ვექტორის მომხრეთა გამოყენებით".

თბილისს მადლობას უხდის რადიკალი რუსი ფილოსოფოსი, კრემლის ერთ-ერთი იდეოლოგი ალექსანდრე დუგინიც, რომელიც "თბილისის დაჭკვიანებაზე" მიუთითებს:

"აფერუმ ქართველებს! ზოგადად, უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ მათი პოზიცია მეტყველებს ქართველების გონიერებაზე, გამჭრიახობაზე, შორსმჭვრეტელობასა და გამძლეობაზე. მათ სწორად გაიაზრეს, რა შედეგები შეიძლება, მოჰყვეს დასავლეთისკენ სწრაფვას და დაიწყეს საკუთარი სუვერენიტეტის ნაბიჯ-ნაბიჯ აღდგენა".

საქართველო ცდილობს, აწარმოოს პოლიტიკა, რომელიც ერთდროულად ყველას აწყობს, - თვლის პროპაგანდისტულ ტელეარხ "ცარგრადის" პოლიტიკური მიმომხილველი ანდრეი პერლა:

"საქართველოს სადღეისოდ რუსოფობური პოზიცია არ აქვს, პირიქით, ყველაფერს აკეთებს, რათა ორ სკამზე იჯდეს და არ ჩამოვარდეს გაჭიმული თოკიდან, ზუსტად ისევე, როგორც თურქეთი... ანუ, საქართველო ცდილობს, აწარმოოს პოლიტიკა, რომელიც ყველას აწყობს: დასავლეთს - იმიტომ, რომ მიიღო რუსი "რელოკანტები" და თან გამოკვეთილად ანტირუსი პრეზიდენტი ჰყავს; რუსეთსაც - იმიტომ, რომ დიდ ინტერესს იჩენს ვაჭრობის, ტურიზმის მიმართულებით და საერთოდაც, დასავლეთი შორსაა, რუსეთი კი - აგერ, ყურის ძირში და თუ რამეა, შეუძლია, დაარტყას თბილისს. ასე, რომ საქართველოს პოლიტიკა სიტყვიერად შესაძლოა, "ევროპული" იყოს, მაგრამ რუსეთის წინააღმდეგ თბილისი არ წავა".

რუსეთის სახელმწიფო უწყებები ქართული სუს-ის განცხადებას ჯერ არ გამოჰხმარებიან.

ცნობისთვის: საქართველოს ტერიტორიაზე 14 კგ-მდე ასაფეთქებელი ნივთიერების აღმოჩენის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორმა ბაჩა მგელაძემ 5 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობები და ნივთიერება რუსეთში (ქალაქ ვორონეჟში) გასატანად უკრაინის ქალაქ ოდესიდან რუმინეთის, ბულგარეთის და თურქეთის გავლით შემოიტანეს საქართველოში მიმდინარე წლის 19 იანვარს, საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „სარფის“ გავლით. ითქვა, რომ ასაფეთქებელი ნივთიერებები, დამალვის მიზნით, შენახული იყო აკუმულატორების ყუთებში.

სუსში აცხადებენ, რომ საქართველოდან რუსეთში "დარიალის" გამშვები პუნქტით სამი ასაფეთქებელი მოწყობილობის გატანა იგეგმებოდა უკრაინის მოქალაქის მფლობელობაში არსებული მინივენის ტიპის ავტომობილით, სამი მოწყობილობა კი თბილისში დატოვეს.

„ამოღებული მოწყობილობების პირველადი შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ექვსივე მოწყობილობა დამზადებულია მაღალი დონის სპეციალისტის მიერ და გათვლილია დაზიანების ფართო რადიუსზე. ხალხმრავალ ადგილებში მსგავსი მოწყობილობის ამოქმედება გამოიწვევდა ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვან დაზიანებას და მასშტაბურ მსხვერპლს“,– თქვეს სუს–ში.

სუს–ის ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობების საქართველოში შემოტანაში, ქვეყნის მასშტაბით გადაადგილებაში, ერთ-ერთი კონტეინერის რუსეთის ფედერაციის მიმართულებით ტრანზიტულად გატანაში, ხოლო მეორე მათგანის დედაქალაქში განთავსებაში ჩართული იყვნენ საქართველოს 7, უკრაინის 3 და სომხეთის 2 მოქალაქე.

„პროცესს ორგანიზებას უწევდა უკრაინის მოქალაქე, 2020 წელს ოდესის ოლქის ადგილობრივი რადას კიევის რაიონის დეპუტატობის კანდიდატი პარტიიდან „ხალხის მსახური“ ანდრეი შარაშიძე, რომელიც წარმოშობით ქალაქ ბათუმიდანაა. აღნიშნული პირი საქართველოს ფარგლებს გარედან აქტიურ მეთვალყურეობას უწევდა ზემოხსენებული ასაფეთქებელი მოწყობილობების გადაადგილებას. გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული პირებისთვის, გარდა შარაშიძისა, სავარაუდოდ, ცნობილი არ იყო მანქანის აკუმულატორებში განთავსებული ასაფეთქებელი მოწყობილობებისა და კაფსულ-დეტონატორების შესახებ“,– ამტკიცებს სუს–ი და დასძენს, რომ ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებები დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული პირების მხილების, სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობების დამზადების, გადაადგილების მარშრუტის, საბოლოო დანიშნულების ადგილის დადგენის, თავდასხმის ობიექტების იდენტიფიცირების და სამხილების მოპოვების მიზნით.

„რაც შეეხება ქალაქ თბილისში დატოვებულ სამ ერთეულ ასაფეთქებელ მოწყობილობას - განკუთვნილი იყო რუსეთში გასატანად თუ უნდა დარჩენილიყო საბოლოოდ საქართველოში მოქმედებაში მოსაყვანად, ამას მიმდინარე გამოძიება დაადგენს. თუმცა, აღიშნული საქმის დეტალები და ფაქტობრივი მდგომარეობა იძლევა იმის ეჭვის საფუძველს, რომ საქართველოს ტერიტორიის გამოყენება და მთელ ამ პროცესში საქართველოს მოქალაქეების მრავლად ჩართვა, ემსახურებოდა იმ მოსაზრების შექმნას, რომ ტერორისტული აქტები, რომლებიც განხორციელდებოდა საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, დაბრალებოდა საქართველოს როგორც დაგეგმვის, ისე განხორციელების ნაწილში“,– ხაზს უსვამენ სუს–ში.

მოგვიანებით მგელაძემ „რუსთავი 2“–ის ეთერში თქვა, რომ ითანამშრომლებენ როგორც უკრაინულ მხარესთან, ასევე იმ ქვეყნებთან, რომლებიც გამოიარა ტვირთმა.

„ჩვენ უკრაინულ მხარეს მივაწოდეთ ინფორმაცია ფაქტთან დაკავშირებით, მივაწოდეთ მეტი დეტალი და ველოდებით შესაბამის ინფორმაციას, რომელიც გარკვეულ დეტალებს დაადასტურებს“.

ასევე გაიმეორა, რომ „რა დგას ამ საქმის უკან“, სუს–ისთვის ცნობილია და რომ მიზანი ტერორისტული აქტების დაგეგმვა–განხორციელებაში საქართველოს დადანაშაულება იყო.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვას. თუმცა, გამოძიების პროცესში შესაძლოა დაზუსტდეს კვალიფიკაცია და გამოძიება ასევე 18-323 მუხლით გაგრძელდეს, რაც ტერორისტული აქტის მომზადებას გულისხმობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S