
"გამოვხატავთ დაინტერესებას" – უკრაინის საელჩო სუს-ის გამოძიებას ეხმიანება
06/02/2024 09:40:09 პოლიტიკა, სამართალი
საქართველოში უკრაინის საელჩო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და იმედს გამოთქვამს, რომ ქართული მხარე საქმის პოლიტიზირებისგან თავს შეიკავებს.
„უკრაინის საელჩო ამოწმებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგზე გავრცელებულ ინფორმაციას, არკვევს ყველა გარემოებას, კერძოდ, როგორც ცნობილი გახდა, უკრაინის მოქალაქეების უკანონო საქმიანობაში ჩართულობასთან დაკავშირებით.
საელჩო იმედოვნებს, რომ ქართული მხარე ამ საქმის პოლიტიზებისგან თავს შეიკავებს.
გამოვხატავთ დაინტერესებას და მზადყოფნას კონსტრუქციული ურთიერთობისთვის სამართალდამცავ და საქართველოს სხვა კომპეტენტურ ორგანოებთან საქმის ყველა გარემოების ობიექტურად, მიუკერძოებლად და სრულყოფილად გარკვევისა და მისი რეალური ორგანიზატორების დადგენის მიზნით“, - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის: საქართველოს ტერიტორიაზე 14 კგ-მდე ასაფეთქებელი ნივთიერების აღმოჩენის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორმა ბაჩა მგელაძემ 5 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობები და ნივთიერება რუსეთში (ქალაქ ვორონეჟში) გასატანად უკრაინის ქალაქ ოდესიდან რუმინეთის, ბულგარეთის და თურქეთის გავლით შემოიტანეს საქართველოში მიმდინარე წლის 19 იანვარს, საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „სარფის“ გავლით. ითქვა, რომ ასაფეთქებელი ნივთიერებები, დამალვის მიზნით, შენახული იყო აკუმულატორების ყუთებში.
სუსში აცხადებენ, რომ საქართველოდან რუსეთში "დარიალის" გამშვები პუნქტით სამი ასაფეთქებელი მოწყობილობის გატანა იგეგმებოდა უკრაინის მოქალაქის მფლობელობაში არსებული მინივენის ტიპის ავტომობილით, სამი მოწყობილობა კი თბილისში დატოვეს.
„ამოღებული მოწყობილობების პირველადი შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ექვსივე მოწყობილობა დამზადებულია მაღალი დონის სპეციალისტის მიერ და გათვლილია დაზიანების ფართო რადიუსზე. ხალხმრავალ ადგილებში მსგავსი მოწყობილობის ამოქმედება გამოიწვევდა ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვან დაზიანებას და მასშტაბურ მსხვერპლს“,– თქვეს სუს–ში.
სუს–ის ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობების საქართველოში შემოტანაში, ქვეყნის მასშტაბით გადაადგილებაში, ერთ-ერთი კონტეინერის რუსეთის ფედერაციის მიმართულებით ტრანზიტულად გატანაში, ხოლო მეორე მათგანის დედაქალაქში განთავსებაში ჩართული იყვნენ საქართველოს 7, უკრაინის 3 და სომხეთის 2 მოქალაქე.
„პროცესს ორგანიზებას უწევდა უკრაინის მოქალაქე, 2020 წელს ოდესის ოლქის ადგილობრივი რადას კიევის რაიონის დეპუტატობის კანდიდატი პარტიიდან „ხალხის მსახური“ ანდრეი შარაშიძე, რომელიც წარმოშობით ქალაქ ბათუმიდანაა. აღნიშნული პირი საქართველოს ფარგლებს გარედან აქტიურ მეთვალყურეობას უწევდა ზემოხსენებული ასაფეთქებელი მოწყობილობების გადაადგილებას. გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული პირებისთვის, გარდა შარაშიძისა, სავარაუდოდ, ცნობილი არ იყო მანქანის აკუმულატორებში განთავსებული ასაფეთქებელი მოწყობილობებისა და კაფსულ-დეტონატორების შესახებ“,– ამტკიცებს სუს–ი და დასძენს, რომ ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებები დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული პირების მხილების, სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობების დამზადების, გადაადგილების მარშრუტის, საბოლოო დანიშნულების ადგილის დადგენის, თავდასხმის ობიექტების იდენტიფიცირების და სამხილების მოპოვების მიზნით.
„რაც შეეხება ქალაქ თბილისში დატოვებულ სამ ერთეულ ასაფეთქებელ მოწყობილობას - განკუთვნილი იყო რუსეთში გასატანად თუ უნდა დარჩენილიყო საბოლოოდ საქართველოში მოქმედებაში მოსაყვანად, ამას მიმდინარე გამოძიება დაადგენს. თუმცა, აღიშნული საქმის დეტალები და ფაქტობრივი მდგომარეობა იძლევა იმის ეჭვის საფუძველს, რომ საქართველოს ტერიტორიის გამოყენება და მთელ ამ პროცესში საქართველოს მოქალაქეების მრავლად ჩართვა, ემსახურებოდა იმ მოსაზრების შექმნას, რომ ტერორისტული აქტები, რომლებიც განხორციელდებოდა საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, დაბრალებოდა საქართველოს როგორც დაგეგმვის, ისე განხორციელების ნაწილში“,– ხაზს უსვამენ სუს–ში.
მოგვიანებით მგელაძემ „რუსთავი 2“–ის ეთერში თქვა, რომ ითანამშრომლებენ როგორც უკრაინულ მხარესთან, ასევე იმ ქვეყნებთან, რომლებიც გამოიარა ტვირთმა.
„ჩვენ უკრაინულ მხარეს მივაწოდეთ ინფორმაცია ფაქტთან დაკავშირებით, მივაწოდეთ მეტი დეტალი და ველოდებით შესაბამის ინფორმაციას, რომელიც გარკვეულ დეტალებს დაადასტურებს“.
ასევე გაიმეორა, რომ „რა დგას ამ საქმის უკან“, სუს–ისთვის ცნობილია და რომ მიზანი ტერორისტული აქტების დაგეგმვა–განხორციელებაში საქართველოს დადანაშაულება იყო.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვას. თუმცა, გამოძიების პროცესში შესაძლოა დაზუსტდეს კვალიფიკაცია და გამოძიება ასევე 18-323 მუხლით გაგრძელდეს, რაც ტერორისტული აქტის მომზადებას გულისხმობს.