რუსულმა სასამართლომ ქართული წარმოშობის რუს მწერალს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა
06/02/2024 10:31:50 მსოფლიო
მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ ქართული წარმოშობის რუს მწერალს ბორის აკუნინსა და უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილ მრჩეველს ალექსეი არესტოვიჩს დაუსწრებლად შეუფარდა წინასწარი პატიმრობა.
სასამართლოს განცხადებაში აღნიშნულია, აკუნინს (გრიგორი ჩხარტიშვილი) ბრალი ექსტრემიზმისკენ მოწოდებასა და პროპაგანდაში ედება.
სასამართლო განმარტავს, რომ პატიმრობის ვადის ათვლა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან, ხოლო რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ექსტრადიციის ან დეპორტაციის შემთხვევაში - სამართალდამცავ ორგანოებში გადაყვანის მომენტიდან მოხდება.
რაც შეეხება ალექსეი არესტოვიჩს, მას ბრალი ტერორიზმის საჯაროდ გამართლებასა და რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში ედება.
აკუნინი კრემლის პოლიტიკის კრიტიკოსია და აქტიურად გამოდიოდა უკრაინაში ომის გაჩაღების წინააღმდეგ.


