ჰუსიტებმა წითელი ზღვისა და ადენის ყურის მიმართულებით სავაჭრო გემებზე თავდასხმა კვლავ განახორციელეს
07/02/2024 06:46:16 მსოფლიო
ჰუსიტებმა წითელი ზღვისა და ადენის ყურის მიმართულებით სავაჭრო გემებზე თავდასხმა კვლავ განახორციელეს. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.
ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ ერთი რაკეტა ადენის ყურეში Star Nasia-ს მახლობლად აფეთქდა, რამაც მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავ ბერძნულ გემს მცირე ზიანი მიაყენა, მაგრამ არავინ დაშავებულა.
„ჰუსუტების“ სარაკეტო თავდასხმა ასევე მიმართული იყო, ბარბადოსის დროშის ქვეშ მცურავი და გაერთიანებული სამეფოს საკუთრებაში მყოფი სატვირთო გემისკენ. აშშ-ის არმიის ცენტრალური სარდლობაში აცხადებენ, რომ გემი Morning Tide არ დაზიანებულა.
ცნობისთვის: იემენში მოქმედი მეამბოხეების მხრიდან წითელ ზღვაში გემებზე შეიარაღებული თავდასხმები გახშირდა ისრაელსა და პალესტინელთა რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა "ჰამასს" შორის 2023 წლის ოქტომბრიდან დაწყებული ომის შემდეგ. პირველი თავდასხმა 19 ნოემბერს მოხდა იაპონურ გემ Galaxy Leader-ზე. მას შემდეგ მეამბოხეებმა რაკეტებით და დრონებით კიდევ 25 შეტევა განახორციელეს სხვადასხვა ქვეყნის სატვირთო გემებზე. არაერთი თავდასხმა მოიგერიეს აშშ-ის და მისი პარტნიორი სახელმწიფოების სამხედრო გემებმა.
ირანის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეები, რომლებიც იემენის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებენ, მტრად მიიჩნევენ ისრაელს, აშშ-ს და საუდის არაბეთს და აცხადებენ, რომ გემებზე თავდასხმებს არ შეწყვეტენ, სანამ ისრაელი "ჰამასის" წინააღმდეგ ომს არ დაასრულებს.
წითელ ზღვაზე გადის მნიშვნელოვანი სავაჭრო გზა, რომელზეც მსოფლიო ვაჭრობის 12% მოდის. წითელი ზღვა სუეცის არხით უერთდება ხმელთაშუა ზღვას და აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ყველაზე მოკლე საზღვაო მარშრუტია. თავდასხმების გახშირების გამო, მსოფლიოს მსხვილი კომპანიები სულ უფრო ხშირად არიდებენ თავს წითელი ზღვით ტვირთების გადატანას. ალტერნატიული მარშრუტი აფრიკის სამხრეთის გავლით, ტრანსპორტირების დროს მნიშვნელოვნად ზრდის.


