არაღიარებული დნესტრისპირეთის და უკრაინის საზღვარზე სროლის შესახებ ცნობები დაადასტურეს
07/02/2024 07:00:34 მსოფლიო
უკრაინის ელჩმა მოლდოვაში მარკო შევჩენკომ დაადასტურა, რომ იანვრის დასაწყისში არაღიარებული დნესტრისპირეთის (მოლდოვის რეგიონი) საზღვარზე სროლა მოხდა.
მისი თქმით, ორმა ადგილობრივმა უკრაინაში უკანონოდ შესვლა სცადა და უკრაინის სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებს ცეცხლის გაუხსნეს. შეიარაღებული ინციდენტისას ერთ-ერთი მსროლელი დაიღუპა, მეორე კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შევჩენკომ თქვა, რომ ერთ-ერთმა დნესტრისპირელმა თავი წარადგინა „მესაზღვრედ" „სახელმწიფო უშიშროების სამინისტროდან“. მეორე ამტკიცებდა, რომ ის სამოქალაქო პირი იყო, მაგრამ, ელჩის თქმით, რეალურად უბრალოდ იყო სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი.
„ორმა დნესტრისპირელმა […] გადაკვეთა უკრაინის საზღვარი, რათა უკრაინელ მესაზღვრესთან რაღაც განეხილათ. მათ ელოდნენ უკრაინის სამართალდამცავი ორგანოები, რადგან ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ხსენებული ორი პირი უკანონო ტრეფიკინგში იყო ჩართული“, - თქვა ელჩმა.
შევჩენკოს თქმით, ამის შემდეგ ერთ-ერთმა მათგანმა ამოიღო პისტოლეტი და ცეცხლი გახსნა უკრაინელი მესაზღვრეების მისასამართით. საპასუხო ცეცხლისას ერთ–ერთი დაიღუპა.
ელჩს კომენტარი არ გაუკეთებია არაღიარებული დნესტრისპირეთის ე.წ. ხელისუფლების განცხადებაზე, რომ თითქოს უკრაინა პროვოკაციას ამზადებს. თუმცა, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა არაღიარებულ რესპუბლიკას „პოტენციურ საფრთხედ“ მიიჩნევს მისი უსაფრთხოებისთვის რუსი სამხედროების გამო, რომლებიც იქ 30 წელზე მეტია, უკანონოდ იმყოფებიან.
„არ მინდა კომენტარი გავაკეთო ტირასპოლის პოზიციაზე. ზუსტად ვიცი, რომ უკრაინის სამართალდამცავი ორგანოები მოქმედებდნენ ჩვენს ტერიტორიაზე და მათი რეაქცია იყო მკაცრი, რადგან დარღვეული იყო კანონი საზღვრის გადაკვეთისა და უკანონო ტრაფიკის შესახებ. <…> რეაქცია იყო ისეთი, როგორიც იყო“, - დასძინა შევჩენკომ.
მანამდე დნესტრისპირეთში განაცხადეს „ინციდენტის შესახებ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით", რომელიც მოხდა 7 იანვარს. მაშინ დე ფაქტო ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ სროლის შედეგად „უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს დნესტრისპირეთის ორი მოქალაქე“.


