"ლოგისტიკური კოლაფსი გარდაუვალია" – რუს იმპორტიორებს ოპერაციები შეუჩერა მათთვის მთავარმა ჩინურმა ბანკმა
07/02/2024 11:17:29 მსოფლიო
რუსი იმპორტიორებისთვის მთავარმა ჩინურმა ბანკმა – Chouzhou Commercial Bank-მა, შეაჩერა ყველა ოპერაცია რუსულ და ბელარუსულ ორგანიზაციებთან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ლოგისტიკური კოლაფსი ჩინური ახალი წლის წინ, – იტყობინება გამოცემა "ვედემოსტი".
მედია აღნიშნავს, რომ რუსეთსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2023 წელს მიაღწია რეკორდულ 240,11 მილიარდ დოლარს, რაც 26%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე, თუმცა ჩინურ ბანკებთან ანგარიშსწორების პრობლემები, რომლებიც არაოფიციალურად აღიარეს რუსულმა ბანკებმა და ოფიციალურმა პირებმა, 2023 წლის ბოლოდან გაუარესდა - მას შემდეგ, რაც გაიზარდა შეერთებული შტატების მხრიდან მეორადი სანქციების დაწესების რისკები.
წყაროებმა "ვედემოსტის" უთხრეს, რომ Chouzhou Commercial Bank-მა გასულ კვირას აცნობა მომხმარებლებს ნებისმიერ რუსულ ან ბელარუსულ ორგანიზაციასთან ტრანზაქციების შეჩერების შესახებ, რის გამოც გარიგებების ჩაშლა დაიწყო.
„თითქმის დამდგარი ჩინური ახალი წლის პერიოდში ტრანზაქციების შეწყვეტა ნიშნავს, რომ ლოგისტიკური კოლაფსი გარდაუვალია – დასვენების დღეების გამო (ოფიციალურად ის 10-დან 17 თებერვლამდე გაგრძელდება) საქონლის ექსპორტი მარტამდე არ იქნება შესაძლებელი“, - წერს გამოცემა.
გამოცემას კიდევ ერთმა თანამოსაუბრემ, მეწარმემ იჟევსკიდან, რომელიც ყიდულობს ჩარხების აღჭურვილობას ჩინეთში, უამბო, რომ თავდაპირველად, დეკემბერში შეატყობინა ბანკმა, რომ გადახდები შეჩერებული იყო საქონლის გარკვეული ჩამონათვალისთვის, რომლის იმპორტი რუსეთში დასავლეთის სანქციებით იყო აკრძალული. მაგრამ რამდენიმე კვირის შემდეგ ბანკის მენეჯმენტმა გამოაცხადა რუსეთთან ანგარიშსწორების სრული შეწყვეტა, განურჩევლად პროდუქტისა და ვალუტისა.
მედია აღნიშნავს, რომ Chouzhou გახდა ანგარიშსწორების მთავარი ცენტრი იმპორტიორებისთვის, მათ შორის, გეოგრაფიული მდებარეობის გამო - მისი სათაო ოფისი მდებარეობს ქალაქ ივუში, ერთ-ერთი მთავარი ლოგისტიკური ცენტრი რუსეთში ჩინეთის ექსპორტისთვის. გაზეთის წყაროების ინფორმაციით, შეჩერებულია ტრანზაქციები არა მხოლოდ SWIFT-ით, არამედ რუსულ SPFS-თან და ჩინურ CIPS-თან.
ინფორმაცია ფულადი სახსრებისა და სასაქონლო ნაკადების შესახებ ჩინეთსა და რუსეთს შორის ხელმისაწვდომია დასავლური რეგულატორებისთვის, მაშინაც კი, თუ მხარეები არ იყენებენ SWIFT-ს, – თქვა გამოცემასთან საგარეო ვაჭრობის ანგარიშსწორების კონსულტანტმა ისკანდერ მირგალიმოვმა.


