მედია: ისრაელი 5000-მდე პალესტინელი პატიმრის გათავისუფლებაზე თანახმაა
07/02/2024 13:16:19 მსოფლიო
Sky News Arabia საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის და მძევლების გათავისუფლების შეთანხმების ფარგლებში თანახმაა, 3000-დან 5000-მდე პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლოს.
წყაროს ცნობით, "ჰამასის" წარმომადგენლებს ეს ინფორმაცია კატარმა მიაწოდა, რომელიც მედიატორობს მხარეებს შორის.
შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში "ჰამასს" შეეძლება, აირჩიოს, თუ რომელი პატიმრის გათავისუფლებაა უფრო პრიორიტეტული.
მანამდე პრემიერ–მინისტრმა ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი ათასობით პალესტინელი პატიმრის გათავისუფლებას არ აპირებს.
Sky News Arabia-ს ცნობით, კატარი მოლაპარაკებების პროცესში ცდილობს შეარბილოს "ჰამასის" მოთხოვნები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მისაღწევად.
დღეს ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადასტურეს 31 მძევლის სიკვდილი, რომლებიც 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს დაატყვევეს დაჯგუფება "ჰამასის" ბოევიკებმა.
მანამდე ისრაელის ხელისუფლება ვარაუდობდა, რომ ღაზას სექტორში გატაცებული 130-ზე მეტი მძევალი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. თუმცა, როგორც ჩანს, 100-ზე ნაკლები გადარჩა.
The New York Times, ისრაელის დაზვერვის კონფიდენციალურ დოკუმენტზე დაყრდნობით, ასევე წერს მინიმუმ 30 დაღუპული მძევლის შესახებ. ზოგიერთი მათგანი ისრაელის ტერიტორიაზე თავდასხმის დროს დაიღუპა, შემდეგ კი მათი ცხედრები ღაზას სექტორში გადაასვენეს, ამტკიცებს გამოცემა. ვინაიდან იმ დროს მათი სიკვდილი არ დადასტურდა, ისინი მძევლების სიაში შეიყვანეს. სხვები დაიღუპნენ ჭრილობებით ან ტყვეობაში მოკლეს ჯიჰადისტებმა.
მანამდე იუწყებოდნენ, რომ სამი მძევალი შეცდომით მოკლეს IDF-ის სამხედროებმა ღაზას სექტორში სამხედრო ოპერაციის დროს. ასევე არის დაუდასტურებელი ინფორმაცია, სულ მცირე, კიდევ 20 მძევლის დაღუპვის შესახებ, – წერს გამოცემა.
Wall Street Journal-მა ადრე იტყობინებოდა, რომ ისრაელის შეფასებით, 7 ოქტომბერს "ჰამასის" მიერ დატყვევებული დაახლოებით 50 ადამიანი შესაძლოა, დაღუპული იყოს. ეს ციფრი აშშ-ისა და ეგვიპტის წარმომადგენლების მონაწილეობით მძევლების ბედზე მოლაპარაკებების დროს გაჟღერდა.
ამდენად, როგორც მედია აღნიშნავს, თუ ისრაელის ეს შეფასება სწორია, დაახლოებით 80 მძევალი ჯერ კიდევ ცოცხალია და ღაზაში რჩება "ჰამასის" მიერ გატაცებული ათობით ადამიანის ცხედარი. არც ერთი ცხედარი ჯერ არ გადმოუსვენებიათ. მძევლების გათავისუფლება და დაღუპულთა ცხედრების დაბრუნება ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების პირობაა.


