ბაიდენმა ტრამპი რესპუბლიკელების მიმართ მუქარაში დაადანაშაულა
08/02/2024 06:12:28 მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ექს-პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაადანაშაულა თანაპარტიელი რესპუბლიკელების მიმართ მუქარაში, მას შემდეგ, რაც სენატში მიღწეული ორპარტიული შეთანხმების მიუხედავად, რესპუბლიკელებმა უკრაინის და ისრაელის დახმარებას მხარი აღარ დაუჭირეს.
ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, 7 თებერვალს საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ნიუ-იორკში მყოფმა ბაიდენმა განაცხადა, რომ ტრამპი რესპუბლიკელ სენატორებს ურეკავდა და კანონპროექტის მხარდაჭერის შემთხვევაში ანგარიშსწორებით ემუქრებოდა.
ტრამპს ბაიდენის ბრალდებისთვის ჯერ-ჯერობით არ უპასუხია.
კონგრესის ზედა პალატაში - სენატში დემოკრატებმა და რესპუბლიკელებმა 4 თებერვალს მიაღწიეს შეთანხმებას კანონპროექტზე, რომელიც ითვალისწინებდა 118 მილიარდი დოლარის გამოყოფას უკრაინის, ისრაელის და ტაივანის დასახმარებლად და ასევე, მექსიკასთან საზღვარზე უსაფრთხოების ზომების და მიგრაციის პოლიტიკის გასამკაცრებლად, რაც რესპუბლიკელების მოთხოვნა იყო. სიტუაცია შეცვალა რესპუბლიკელებისადი ექს-პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწოდებამ, უარი ეთქვათ კომპრომისსა და კანონპროექტის მხარდაჭერაზე.
დემოკრატების მიერ კონტროლირებულ სენატში 7 თებერვალს გამართული პროცედურული კენჭისყრისას კანონპროექტს მხარი დაუჭირა 49 სენატორმა. წინააღმდეგი იყო 50. კანონპროექტის მიღებას სულ მცირე 60 ხმა სჭირდება. ტექნიკურად ხმა წინააღმდეგ მისცა სენატში დემოკრატების ლიდერმა ჩაკ შუმერმაც, რადგან პროცედურის თანახმად, ასეთ შემთხვევაში შესაძლებლობა ექნება საკითხი კენჭისყრაზე ისევ გაიტანოს.
დემოკრატები აპირებენ უახლოეს ხანში სენატს წარუდგინონ კანონპროექტი, რომელიც აღარ მოიცავს საზღვრის საკითხს და მხოლოდ უკრაინის, ისრაელის და ტაივანის დახმარებას ეხება.
როგორც ამერიკული მედია წერს, თეორიულად არის შანსი, რომ პროექტი საკმარის, 60 ხმას მიიღებს. ამასთან, კანონპროექტს, სანამ მას ხელს პრეზიდენტი მოაწერს, წარმომადგენელთა პალატის მხარდაჭერაც სჭირდება. კონგრესის ქვედა პალატაზე, რომელსაც რესპუბლიკელები აკონტროლებენ, ტრამპის გავლენა კიდევ უფრო დიდია.
დიდი ალბათობით, დონალდ ტრამპი რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი იქნება 2024 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ისევე, როგორც ჯო ბაიდენი - დემოკრატიული პარტიის.


