აშშ-ის სენატი უკრაინის დახმარების კიდევ ერთ კანონპროექტს განიხილავს
08/02/2024 12:38:42 მსოფლიო
აშშ-ის სენატი უკრაინის დახმარების კიდევ ერთ კანონპროექტს განიხილავს. დემოკრატები აპირებენ სენატს წარუდგინონ კანონპროექტი, რომელიც აღარ მოიცავს საზღვრის საკითხს და მხოლოდ უკრაინის, ისრაელის და ტაივანის დახმარებას ეხება.
როგორც ამერიკული მედია წერს, თეორიულად არის შანსი, რომ პროექტი საკმარის, 60 ხმას მიიღებს. ამასთან, კანონპროექტს, სანამ მას ხელს პრეზიდენტი მოაწერს, წარმომადგენელთა პალატის მხარდაჭერაც სჭირდება. კონგრესის ქვედა პალატაზე, რომელსაც რესპუბლიკელები აკონტროლებენ, აშშ–ის ექს–პრეზიდენტ ტრამპის გავლენა კიდევ უფრო დიდია.
მანამდე, ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ექს-პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაადანაშაულა თანაპარტიელი რესპუბლიკელების მიმართ მუქარაში, მას შემდეგ, რაც სენატში მიღწეული ორპარტიული შეთანხმების მიუხედავად, რესპუბლიკელებმა უკრაინის და ისრაელის დახმარებას მხარი აღარ დაუჭირეს.
ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, 7 თებერვალს საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ნიუ-იორკში მყოფმა ბაიდენმა განაცხადა, რომ ტრამპი რესპუბლიკელ სენატორებს ურეკავდა და კანონპროექტის მხარდაჭერის შემთხვევაში ანგარიშსწორებით ემუქრებოდა.
ტრამპს ბაიდენის ბრალდებისთვის ჯერ-ჯერობით არ უპასუხია.
დიდი ალბათობით, დონალდ ტრამპი რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი იქნება 2024 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ისევე, როგორც ჯო ბაიდენი - დემოკრატიული პარტიის.


