მედია: ოკუპირებულ კურიაჩივკაში რუსმა სამხედრომ კოლეგებს ცეცხლი გაუხსნა, არიან დაჭრილები და დაღუპულები
08/02/2024 19:26:04 მსოფლიო
ლუგანსკის ოლქის ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსმა ჯარისკაცებმა არაფხიზელ მდგომარეობაში ცეცხლი გახსნეს. არიან დაღუპულები და დაჭრილები. წერს "ასტრა".
„ლუგანსკის ოლქის ოკუპირებულ სოფელ კურიაჩივკას მიდამოში, 7 თებერვალს ღამით, აღმოაჩინეს 36994 სამხედრო ნაწილის მოკლული სამხედრო მოსამსახურეები - 33 წლის რინატ ხალილოვი და 43 წლის პაველ ლიაშენკო",– ნათქვამია შეტყობინებაში.
აღნიშნულია, რომ ამ სამხედრო ნაწილის კიდევ ერთი ჯარისკაცი, 39 წლის იური გენერალოვი გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ის ყვება, რომ დაახლოებით ღამის 3 საათზე ის და მისი კოლეგები მინდორში სასმელს შეექცეოდნენ. რაღაც მომენტში მოხდა ჩხუბი და 48 წლის სამხედრო მოსამსახურემ ალექსანდრე სტებლინი ავტომატიდან ცეცხლი გაუხსნა კოლეგებს. ლიაშენკო და ხალილოვი ადგილზე დაიღუპნენ, გენერალოვი დაიჭრა.
„ჯარისკაცებმა შეძლეს მსროლელის დაკავება და გადასცეს სამხედრო პოლიციას“, წერს "ასტრა".


