რუმინეთმა დაუშვა NATO–ს ძალების მყისიერი განლაგება თავის ტერიტორიაზე საფრთხის შემთხვევაში
09/02/2024 10:36:23 მსოფლიო
ბუქარესტმა ნატოს სერიოზული საფრთხის შემთხვევაში, რუმინეთის ტერიტორიაზე მაღალი მზადყოფნის ძალების განლაგების უფლება მისცა. ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა პარლამენტს წერილობით მიმართა,– წერს Euractiv.
ამ გადაწყვეტილების წყალობით, ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს შეუძლია გადაწყვიტოს რუმინეთის ტერიტორიაზე ძალზე სწრაფი რეაგირების ერთობლივი ოპერატიული და ტაქტიკური ჯგუფების განლაგება უეცარი უსაფრთხოების სერიოზული კრიზისის შემთხვევაში, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს, „კრიზისზე სწრაფი რეაგირებისა და ესკალაციის პრევენციის მიზნით“, - ნათქვამია პრეზიდენტის წერილში.
ძალების სწრაფი განლაგების უზრუნველსაყოფად 72 საათის განმავლობაში, საჭიროა წინასწარი თანხმობა მათი განლაგების ან ქვეყნის გავლით ტრანზიტის შესახებ, – დასძინა მან.
პარლამენტი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ახლო პერიოდში განიხილავს.
მანამდე რუმინეთის გენერალური შტაბის უფროსმა გეორგიტა ვლადმა მოუწოდა ხელისუფლებას, გაზარდოს მზადყოფნა მოსახლეობაში და მიიღონ კანონები და ზომები პოტენციური რუსული საფრთხეებისთვის მოსახლეობის მზადყოფნის გასაუმჯობესებლად. თუმცა ამ გზავნილებმა ცხარე დებატები გამოიწვია ქვეყანაში.


