Accentnews.ge
პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარისა და მოადგილის არჩევის წესის ცვლილება II მოსმენით მიიღო

პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარისა და მოადგილის არჩევის წესის ცვლილება II მოსმენით მიიღო

09/02/2024 11:38:06 პოლიტიკა

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსსა და რეგლამენტში ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო. ცვლილებებს 87-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

კანონპროექტით გათვალისწინებულია ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესის ცვლილება და ოპოზიციის კვოტით ცესკოს მოადგილის თანამდებობის გაუქმება.

კერძოდ, თავმჯდომარის და წევრების ასარჩევად 90 ხმა (3/5) იქნება საჭირო. იმ შემთხვევაში, თუკი 90 ხმა ვერ ვერ მოგროვდება, ხელახალ კენჭისყრაზე მხარდასაჭერად 76 ხმა (უმრავლესობით) იქნება საკმარისი. კანდიდატებისთვის 76 ხმით მხარდაჭერის მიღება ორჯერ იქნება შესაძლებელი. თუ პირველ ჯერზე ვერ მოგროვდება 76 ხმა, მომდვენო სხდომაზე ხელახალი კენჭისყრა გაიმართება და 76 ხმით არჩეული კანდიდატები უფლებამოსილებას 5 წლის ვადით მიიღებენ. იმ შემთხვევაში კი, თუ პარლამენტში ვერც 76 ხმა მოგროვდება და პარლამენტი კანდიდატებს ვერც ერთი კენჭისყრის შედეგად ვერ აირჩევს, საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტს გადაეცემა. კერძოდ, ცვლილებებით, პრეზიდენტს კენჭისყრიდან ერთ კვირაში კონკურსში მონაწილე პირთა სია და საკონკურსო დოკუმენტაცია გაეგზავნება. პრეზიდენტი უფლებამოსილი იქნება, აღნიშნული სიისა და დოკუმენტაციის მიღებიდან ერთ კვირაში, სიაში შემავალ პირთაგან, 5 წლის ვადით კანდიდატები დანიშნოს.

ამასთან, ძალაში რჩება საარჩევნო კანონმდებლობასა და პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებები, რომლის მიხედვით, კანდიდატების შესარჩევ კონკურსს პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარე გამოაცხადებს და ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების კანდიდატურებს პარლამენტს, პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს.

გარდა ამისა, დაგეგმილი ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა უქმდება, რომელზეც პირი ცესკოს პარტიულ წევრთაგან ინიშნება და რომელიც საკუთრივ ოპოზიციის კვოტას წარმოადგენს.

მოქმედი კანონმდებლობით, ცესკოს თავმჯდომარეს ორი მოადგილე ჰყავს, რომელთაგან ერთი პარლამენტის მიერ არჩეული ცესკოს წევრებისგან ირჩევა, მეორე კი – ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნული ცესკოს წევრთაგან.

ცესკოში ოპოზიციის კვოტით არჩეული მოადგილე „ლელოს“ წარმომადგენელი გიორგი სიორიძეა.

ოპოზიციის თქმით, შემოთავაზებული ცვლილებები ვენეციის კომისიასთან და ევრორეკომენდაციებთან შესაბამისობაში არ მოდის.

თავის მხრივ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაშემ აღნიშნა, რომ "ვენეციის კომისიის დასკვნა დაცლილი იყო სამართლებრივი არგუმენტაციისგან":

"როდესაც დეკემბერში მოგვივიდა ვენეციის კომისიის დასკვნა, პირდაპირ ვნახეთ, რომ ეს დასკვნა აბსოლუტურად დაცლილი იყო ყოველგვარი სამართლებრივი არგუმენტაციისგან. აბსოლუტურად არაფერი არ წერია ამ დასკვნაში, გარდა იმისა, რომ პირდაპირი მითითებაა, არგუმენტაციის გარეშე — დაუბრუნდით იმ მოდელს, რომელიც, ფაქტობრივად, 6-თვიან რეჟიმში აგარჩევინებთ ადამიანს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S