CNN: რუსეთმა ომში საბრძოლველად 15 000 ნეპალელი დაიქირავა
12/02/2024 08:06:47 მსოფლიო
რუსეთმა დაიქირავა დაახლოებით 15,000 ნეპალელი უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის მისაღებად, „ბევრი მათგანი ტრავმირებული დაბრუნდა, ნაწილი კი საერთოდ არ დაბრუნებულა“, იტყობინება CNN.
ჟურნალისტების ცნობით, ერთ-ერთი ნეპალელი – 37 წლის რამჩანდრა ხადკა, უკრაინის ფრონტზე დაჭრის შემდეგ, ცოტა ხნის წინ დაბრუნდა ნეპალში. ის ყვება, რომ შეესწრო „საშინელ სცენებს და ნანობს გადაწყვეტილებას, შეერთებოდა კრემლის ჯარს, როგორც უცხოელი დაქირავებული“.
„რუსულ ჯარში გასართობად არ გავწევრიანებულვარ. ნეპალში დასაქმების არანაირი შესაძლებლობა არ მქონდა. მაგრამ უკან რომ ვიხედები, ეს არასწორი გადაწყვეტილება იყო. არ გვეგონა ასე სწრაფად თუ გაგვგზავნიდნენ ფრონტზე და რა მძიმე მდგომარეობა იქნებოდა იქ“, - ყვება ხადკა.
ირკვევა, რომ ის მოსკოვში 2023 წლის სექტემბერში ჩავიდა. ნეპალელების თქმით, „მხოლოდ ორკვირიანი წვრთნის შემდეგ გაგზავნეს ბახმუტში, ფრონტის ხაზზე იარაღით და ძირითადი ნაკრებით“.
„ბახმუტში მიწის არც ერთი სანტიმეტრი არ არის ბომბებით დაუზიანებელი. ხე, ბუჩქი, მწვანე სივრცე... აღარ არსებობს. სახლების უმეტესობა დანგრეულია. იქ იმდენად საშინელი ვითარებაა, რომ გინდა, იტირო“, - იხსენებს ის.
ცნობილია, რომ ხადკა ბახმუტში ორჯერ გაგზავნეს და იქ მხოლოდ ერთი თვე გაატარეს. მეორე განლაგების დროს ის დაიჭრა. მას შემდეგ, რაც ის გადაარჩინეს და ფრონტის ხაზიდან რამდენიმე ასეულ მეტრში გადაიყვანეს, მამაკაცს კასეტური ბომბის ფრაგმენტები მოხვდა.
CNN-ის წყაროების თანახმად, ის ერთ-ერთია იმ 15000 ნეპალელიდან, რომლებიც შეუერთდნენ რუსეთის ჯარს მას შემდეგ, რაც რუსეთის მთავრობამ 2023 წელს გამოაცხადა პაკეტი უცხოელი დაქირავებულებისათვის მისაზიდად.
მანამდე, 2024 წლის 5 იანვარს Reuters ნეპალის ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერდა, რომ 200-მდე ნეპალელმა გააფორმა კონტრაქტი რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან, მათგან 100 ადამიანი დაკარგულად ითვლება.
ნეპალი თავის მოქალაქეებს საზღვარგარეთ მუშაობის ნებართვას აძლევს მშვიდობიან პროფესიებში დასაქმების იმედით, თუმცა კრძალავს სხვა ქვეყნების ჯარში მსახურობას, გარდა რამდენიმე მეგობარი ქვეყნისა, მათ შორის არის ინდოეთი და დიდი ბრიტანეთი.
გასული წლის დეკემბრის დასაწყისში ცნობილი გახდა უკრაინაში რუსეთისთვის მებრძოლი ნეპალის ექვსი მოქალაქის დაღუპვის შესახებ. მოგვიანებით მათი რიცხვი 10-მდე გაიზარდა. ნეპალის პოლიციამ დააკავა ეჭვმიტანილი, რომელიც ადგილობრივი მოქალაქეების რუსულ ჯარში იწვევდა. ასევე, ერთი ნეპალელი მამაკაცი უკრაინელმა სამხედროებმა დაატყვევეს და კატმანდუ ახლა ცდილობს მის გათავისუფლებას. ნეპალის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა მოქალაქეებს, არ მიიღონ მონაწილეობა ომში.


