გერმანიაში უკრაინელი კალათბურთელის მკვლელი დააკავეს
12/02/2024 10:57:54 მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გერმანიის პოლიციამ უკრაინელი კალათბურთელის ვლადიმერ ერმაკოვის მკვლელი დააკავა.
უწყების სპიკერის ოლეგ ნიკოლენკოს ცნობით, საქმე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურ კონტროლს ექვემდებარება.
"დიუსელდორფში გენერალურმა საკონსულომ უკვე გამართა მოლაპარაკებები ქალაქ ესენის პოლიციის ხელმძღვანელთან. კონსულებმა აღნიშნეს სწრაფი გამოძიებისა და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემის აუცილებლობა", - დასძინა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
მისივე ცნობით, თავდასხმისას დაშავებული კიდევ ერთი უკრაინელი მკურნალობას გადის და მის სიცოცხლეს ამჟამად საფრთხე არ ემუქრება.
მანამდე უკრაინის კალათბურთის ფედერაციამ გერმანიაში 17 წლის უკრაინელი კალათბურთელის ვლადიმერ ერმაკოვის დაღუპვის შესახებ განაცხადა, კიევის კალათბურთის ფედერაციამ (FBK) დაამატა, რომ ის თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა.
„ვოლოდია და მისი მეგობარი არტემ კოზაჩენკო თამაშობდნენ დიუსელდორფის ახალგაზრდულ გუნდში ART Giants (U-19). მორიგი მატჩის წინა დღეს ახალგაზრდა კალათბურთელებს ქუჩაში დანებით დაესხნენ თავს მხოლოდ იმიტომ, რომ უკრაინელები იყვნენ“, - აღნიშნეს ფედერაციაში.
FBK–ის ცნობით, ექიმებმა ერმაკოვის გადარჩენა ვერ შეძლეს.


