ფაშინიანი: სომხეთი არ არის რუსეთის მოკავშირე უკრაინის წინააღმდეგ ომში

12-02-2024 15:51:36 კავკასია

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა The Telegraph–თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ არის რუსეთის მოკავშირე უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომში.

„უკრაინაში ომი ახალი დაწყებული იყო, როდესაც ინტერვიუ მივეცი CNN-ს და ვთქვი, რომ ამ სიტუაციაში ჩვენ რუსეთის მოკავშირეები არ ვართ და ეს რეალობაა“, - აღნიშნა ფაშინიანმა.

ამასთან, ის ამტკიცებს, რომ ეს არ ნიშნავს არჩევანის გაკეთებას რუსეთსა და დასავლეთს შორის, მიუხედავად უკრაინაში ომის შედეგებისა.

„ჩვენი თანამშრომლობა შეერთებულ შტატებთან, საფრანგეთთან ან უსაფრთხოების სექტორში სხვა პარტნიორებთან არ არის მიმართული უსაფრთხოების სექტორში ჩვენი სხვა პარტნიორის წინააღმდეგ“, - დასძინა სომხეთის პრემიერმა.

მისი თქმით, სომხეთის პარტნიორებს „შეიძლება, ჰქონდეთ შეშფოთება მათთან ურთიერთობასთან დაკავშირებით ან იმაზე, თუ როგორი გავლენა შეიძლება იქონიოს მათთან ურთიერთობამ მათი უსაფრთხოების დღის წესრიგზე“.

„და ჩვენ ვცდილობთ, გადავწყვიტოთ ეს საკითხი ჩვენს პარტნიორებთან მათი ერთობლივი გეგმების განხილვით რაც შეიძლება გამჭვირვალედ“, - დასძინა ფაშინიანმა.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის სექტემბერში სომხეთმა პირველად გადასცა ჰუმანიტარული დახმარება უკრაინას ნიკოლ ფაშინიანის მეუღლის ვიზიტის დროს. მოსკოვში არ დაუმალავთ თავიანთი უკმაყოფილება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები