ლავროვის მოადგილე: ვაპირებთ, გავაუმჯობესოთ ურთიერთობები საქართველოსთან

12-02-2024 16:09:11 პოლიტიკა

რუსეთი, მიუხედავად დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა, აპირებს, გააგრძელოს საქართველოსთან "ურთიერთობების ნორმალიზაციის ხელშეწყობა", განაცხადა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ გალუზინმა კრემლის პროპაგანდისტულ TASS-თან ინტერვიუში, რომელიც 10 თებერვალს გამოქვეყნდა.

„რაც შეეხება თბილისთან დიპლომატიურ ურთიერთობებს, როგორც ცნობილია ის 2008 წელს გაწყდა [მიხეილ - რედ.] სააკაშვილის რეჟიმის ინიციატივით. სამწუხაროდ, მათი აღდგენის შესაძლებლობა ექვემდებარება პოლიტიკურ მოთხოვნებს, რომლებიც ეწინააღმდეგება რეგიონის ახალ რეალობას. ჩვენი მხრივ, დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის მიუხედავად, ვაპირებთ, გავაგრძელოთ საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზაციის ხელშეწყობა“, - განაცხადა მან.

მისი თქმით, „საქართველოს ხელისუფლების პრაგმატული ხაზის წყალობით, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების რთული პერიოდი, რომელიც გამოწვეული იყო 2019 წელს ქართველი რადიკალების ცნობილი პროვოკაციით, დაძლეულია. გასულ წელს გაუქმდა საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში მოკლევადიანი მოგზაურობის სავიზო რეჟიმი, რომელიც 2000 წლიდან მოქმედებდა და პირდაპირი ფრენები აღდგა“.

რუსი დიპლომატი ამტკიცებს, რომ ეს ნაბიჯები დადებითად მიიღო მთავრობამ და საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ. თუმცა მოსახლეობის ნაწილში კონკრეტულად რა მონაცემებს ეყრდნობა, უცნობია.

რუსეთის პრეზიდენტის 2023 წლის 10 მაისის შესაბამისი ბრძანებულებების შესრულებამ ხელი შეუწყო ჩვენს ხალხებს შორის კომუნიკაციის პირობებს, ხელი შეუწყო ბიზნესწრეებს შორის კონტაქტების გაძლიერებას და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარებას. გასულ წელს საქართველოს 1.4 მილიონზე მეტი სტუმარი ეწვია რუსეთიდან. რუსეთის მოქალაქეები უზრუნველყოფენ საქართველოს ეკონომიკის ტურისტული სექტორის შემოსავლის მეოთხედს. რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში შეიქმნა რუსულ-ქართული ბიზნესსაბჭო და მის ფარგლებში უკვე გაიმართა ხუთი შეხვედრა. იზრდება პირდაპირი ავიარეისების სიხშირე და გეოგრაფია, ორი რუსული და ერთი ქართული ავიაკომპანია რუსეთსა და საქართველოს ქალაქებს შორის კვირაში ჯამში 60-ზე მეტ რეისს ახორციელებს",– თქვა რუსმა ოფიციალურმა პირმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები