"აქ არავინაა" – ჩრდილოეთ კორეა რუსებისთვის ტურისტულ ბაზას აშენებს

12-02-2024 17:16:48 მსოფლიო

ჩრდილოეთ კორეაში ახალი ტურისტული ბაზა შენდება, სადაც რუსებს მიიღებენ,– იუწყება პრიმორსკის რეგიონის მთავრობა.

განმარტავენ, რომ 2.8 კმ² ფართობის ტურისტული ზონა მოიცავს სასტუმროებს, მაღაზიებს, სანაპიროს და სხვა ინფრასტრუქტურას. კომპლექსი "უახლოეს წლებში" უნდა გაიხსნას.

პრიმორსკის მთავრობა ასევე იტყობინება, რომ თებერვალში 98–კაციანი ჯგუფი ეწვია ჩრდილოეთ კორეას ოთხდღიანი ტურის ფარგლებში. ეს არის უცხოელი ტურისტების პირველი ვიზიტი ჩრდილოეთ კორეაში ხუთი წლის განმავლობაში:

”რუსეთიდან ტურისტების პირველი, ყველაზე დიდი ჯგუფის ვიზიტი ჩრდილოეთ კორეაში წარმატებული იყო. დამსვენებელთა ახალი ჯგუფები უახლოეს მომავალში დაკომპლექტდება“.

პრიმორსკის მხარის მთავრობის ინფორმაციით, ტურისტების უმეტესობა ჩრდილოეთ კორეაში სათხილამურო კურორტზე გაემგზავრა. მათი თქმით, მთავარი უპირატესობაა მაღალი ხარისხის მომსახურება, რიგების არარსებობა და პერსონალის მხრიდან დახმარება.

„იქ არავინაა და ეს მაგარია“, - ისაუბრა თავის შთაბეჭდილებებზე ილია ისავნინმა ნოვოსიბირსკიდან. - "გუშინ დავისვენეთ, აუზზე წავედით და მთელი ბოლო დღე სრიალს დავუთმეთ. კურორტის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ნულოვანი რიგებია, სადაც არ უნდა წახვიდეთ, პერსონალი ყველგან გეხმარებათ. აქ იდეალურია."

ახალი ამბები

სხვა სიახლეები