უკრაინის დაზვერვა: რუსები Starlink-ს მესამე ქვეყნების მეშვეობით ყიდულობენ
12/02/2024 14:29:48 მსოფლიო
უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო აცხადებს, რომ Starlink-ის სატელიტური საკომუნიკაციო სისტემები რუსეთის ფედერაციაში მესამე ქვეყნების მეშვეობით იყიდება და მიმდინარეობს მუშაობა „ამ საფრთხის განეიტრალებაზე“.
"რუსეთი აგრძელებს მუშაობას ე.წ. პარალელური იმპორტით და ფაქტობრივად - კონტრაბანდის გზით. დიახ, მესამე ქვეყნების გავლით, კონკრეტულ ქვეყნებს არ დავასახელებთ, ეს ინფორმაცია დაზუსტებას მოითხოვს, მაგრამ Starlink თავისუფლად არის ხელმისაწვდომი რუსეთის ტერიტორიაზე... არავინ ამტკიცებს, რომ Starlink-ის რუსებისთვის გაყიდვა ოფიციალურად ხდება. მაგრამ დღეს რუსეთის ფედერაცია არა მხოლოდ ნომერ პირველი ტერორისტული ქვეყანაა, არამედ ნომერ პირველი კონტრაბანდისტი, ამიტომ ეს არის პრობლემა, რომელზეც დღეს ვმუშაობთ“ - ამბობს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელი ანდრეი იუსოვი.
იუსოვმა აღნიშნა, რომ ახალი წლიდან რუსებმა Starlink-ის გამოყენება ფრონტის ხაზზე უფრო სისტემურად დაიწყეს - "რა თქმა უნდა, მიმდინარეობს მუშაობა ამ საფრთხის გასანეიტრალებლად" - აღნიშნავს იუსოვი.
ამერიკელმა მილიარდერმა ილონ მასკმა თქვა, რომ „ამერიკული აეროკოსმოსური კერძო კომპანია SpaceX არ ყიდის ამ ტერმინალებს რუსეთზე“.
„არაერთი ყალბი ახალი ამბავი ამტკიცებს, რომ SpaceX ყიდის Starlink-ის ტერმინალებს რუსეთზე. ეს ცალსახა ტყუილია. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, არც ერთი Starlink არ გაყიდულა რუსეთზე პირდაპირ თუ ირიბად“, - აღნიშნა მან.
ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსი სამხედროები სავარაუდოდ, Starlink-ის ტერმინალებს იყენებენ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. კერძოდ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ დაადასტურა ფრონტზე რუსული ჯარების მიერ თანამგზავრული საკომუნიკაციო სისტემების გამოყენება.
მოხსენების თანახმად, რუსი სამხედროების ფარული მიყურადება მიუთითებს, რომ ინტერნეტთან წვდომის მიზნით, Starlink ტერმინალები დამონტაჟდა, კერძოდ, დონეცკის რეგიონში მოქმედი რუსული ძალების 83-ე სადესანტო ბრიგადის დანაყოფებში.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა RBC-Ukraine-სთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა, რომ რუსული ძალების მიერ Starlink-ის ტერმინალების ომში გამოყენების მასშტაბები იზრდება.
Starlink-მა უარყო ეს და თქვა, რომ SpaceX, რომელიც მართავს ამ სატელიტურ საკომუნიკაციო ქსელს, „არანაირ საქმიანობას არ ეწევა რუსეთის მთავრობასთან ან მის სამხედროებთან“.
„Starlink რუსეთში არ მუშაობს, ანუ სერვისი არ იმუშავებს ამ ქვეყანაში. SpaceX-ს არასოდეს გაუყიდია Starlink რუსეთში და არც აღჭურვილობა გაუგზავნია. თუ რუსული მაღაზიები აცხადებენ, რომ ყიდიან Starlink-ს ამ ქვეყანაში მომსახურებისთვის, ისინი ატყუებენ მომხმარებლებს“, - აცხადებენ კომპანიაში.


