
საგამოძიებო სამსახური: დავაკავეთ პირი, რომელიც ქალს ფარულად გადაღებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით აშანტაჟებდა
12/02/2024 15:20:14 სამართალი
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 1978 წელს დაბადებული პირი დააკავეს.
დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს გათხოვილ ქალთან 2023 წელს სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა, რომელსაც სასტუმროში სქესობრივი კავშირის დროს მობილური ტელეფონით ფარულად ვიდეო გადაუღო. ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ, 2024 წლის იანვარში, ბრალდებული დაზარალებულ ქალს ურთიერთობის აღდგენას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ფარულად გადაღებული მათი სქესობრივი კავშირის ამსახველი კადრების ნათესავებში გავრცელებით ემუქრებოდა. გარდა ამისა, ბრალდებულმა დაზარალებულ ქალს ღამით საცხოვრებელ სახლში მიაკითხა და ბავშვების და ოჯახის სხვა წევრების სახლში ყოფნის დროს შესვლას ცდილობდა.
"სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დასავლეთ საქართველოს სამმართველომ, დაზარალებული ქალის მომართვის შემდეგ გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა, რის შემდეგაც დაკავებული იქნა ბრალდებული. მისი პირადი ჩხრეკისას, მობილურ ტელეფონში ნანახი იქნა ინტიმური შინაარსის ამსახველი ვიდეომასალა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტების აღსაკვეთად და დანაშაულში მხილებული პირების გამოსავლენად ბრძოლას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.