ესტონეთის პრემიერი – ტრამპის განცხადებაზე: შეიძლება, ზოგიერთი მოკავშირე გამოაღვიძოს
12/02/2024 15:58:51 მსოფლიო
ნატო-ს შესახებ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის და მომავალ არჩევნებში შესაძლო საპრეზიდენტო კანდიდატის დონალდ ტრამპის განცხადებამ შეიძლება ზოგიერთი მოკავშირე გამოაღვიძოს, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ვფიქრობ, იმან, რაც აშშ-ში საპრეზიდენტო კანდიდატმა თქვა, ასევე, შეიძლება ზოგიერთი მოკავშირე გამოაღვიძოს, რომლებსაც ბევრი რამ არ გაუკეთებიათ“, - განაცხადა კაია კალასმა.
დონალდ ტრამპმა "რესპუბლიკური პარტიის" მხრიდან პრეზიდენტობის კანდიდატად ნომინირებისთვის წარმოებული კამპანიისას თქვა, რომ წაახალისებდა რუსეთს, დაარტყას NATO–ს წევრებს, რომლებიც თავდაცვაზე საკმარის თანხებს არ ხარჯავენ.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ NATO–ს ერთ-ერთი შეხვედრაზე, ერთ-ერთი სახელმწიფოს მეთაურს უთხრა, რომ აშშ არ დაიცავდა არცერთ ქვეყანას, რომელსაც ვალდებულება არ შეუსრულებია:
„არა, მე არ დაგიცავ. სინამდვილეში, მათ წავახალისებდი, რა ჯანდაბაც უნდათ, ის გააკეთონ. თქვენ უნდა გადაიხადოთ. თქვენ უნდა გადაიხადოთ გადასახადები“.
როცა პრეზიდენტი იყო, ტრამპი ხშირად გამოთქვამდა ეჭვებს ალიანსის საჭიროებაზე და იმუქრებოდა, რომ NATO–ს დატოვებდა, თუკი წევრი ქვეყნები თავდაცვაზე საკმარის ხარჯებს არ გაიღებდნენ.


