მონღოლეთის ექს–პრეზიდენტმა პუტინის ინტერვიუს შემდეგ რუსეთს მონღოლეთის იმპერიის ტერიტორია უწოდა
12/02/2024 19:19:12 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ინტერვიუს შემდეგ, რომელიც მან ამერიკელ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონს მისცა და რომელშიც უკრაინაში შეჭრის გამართლებას ისტორიული წიაღსვლებით ცდილობდა, მონღოლეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ცახიაგიინ ელბეგდორჯმა სოციალურ ქსელში მონღოლეთის იმპერიის რამდენიმე რუქა გამოაქვეყნა.
ერთ-ერთ მათგანზე, რომელიც მე-13 საუკუნით თარიღდება, ჩანს, რომ ჩინგიზ ხანის და მისი მემკვიდრეების დაპყრობითმა ომება მოიცვა ოცამდე თანამედროვე სახელმწიფოს ტერიტორია, მათ შორის, რუსეთის, ბელარუსის, უკრაინის, თურქეთის, საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ირანის, ავღანეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, თურქმენეთის, ტაჯიკეთის, პაკისტანის, ჩინეთის, კორეის და ინდოეთის.
უკვე 1471 წლით დათარიღებულ რუქაზე რუსეთი წარმოდგემილია როგორც მონღოლთა უზარმაზარი იმპერიის მცირე ნაწილი.
ელბეგდორჯმა მიანიშნა, რომ პუტინის ლოგიკით, თანამედროვე რუსეთი ჩინგიზ ხანის შთამომავლებს უნდა ეკუთვნოდეთ.
”მე ვიპოვე მონღოლეთის ისტორიული რუქა. არ ინერვიულოთ. ჩვენ მშვიდობიანი და თავისუფალი ერი ვართ“, - წერს ის.
ინტერვიუში პუტინმა კიდევ ერთხელ გაიმეორა კრემლის პროპაგანდისტული ნარატივი და დნეპრის მარცხენა სანაპიროს, მათ შორის კიევს, "რუსეთის ისტორიული მიწები" უწოდა, ხოლო უკრაინას „სტალინის ნებით“ შექმნილი „ხელოვნური სახელმწიფო“.
გასული წლის მაისში რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ვალერი ზორკინმა პუტინს მე-17 საუკუნის რუქა გადასცა. ”რატომ მოვიტანე, ვლადიმერ ვლადიმროვიჩ? იქ უკრაინა არ არის“, - განაცხადა მან. საპასუხოდ, პუტინმა თქვა, რომ არ გაკვირვებია, რადგან ეს სახელმწიფო, თითქოს, მხოლოდ 1917 წლის რევოლუციის შედეგად გაჩნდა საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილებით. "მანამდე კაცობრიობის ისტორიაში უკრაინა არ არსებობდა“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.
რუქა, რომელიც ზორკინმა წარადგინა, შედგენილია მე-17 საუკუნეში კარტოგრაფ გიომ სანსონის მიერ, ფართოდ არის გავრცელებული, არსებობს მრავალი ეგზემპლარი და კიევის მახლობლად, აქვს წარწერა: "უკრაინა: კაზაკების ქვეყანა", რაც რუსეთის პრეზიდენტმა არჩია, რომ არ შეემჩნია.
პუტინი მუდმივად მანიპულირებს ისტორიით, მათ შორის, საქართველოს შემთხვევაში. მაგალითად, დაპყრობას "გაერთიანებად" გვთავაზობს.


