Accentnews.ge
ბაიდენი: აშშ ღაზაში ექვსკვირიანი ზავის შესახებ გეგმას ამზადებს

ბაიდენი: აშშ ღაზაში ექვსკვირიანი ზავის შესახებ გეგმას ამზადებს

13/02/2024 07:07:36 მსოფლიო

შეერთებული შტატები აწარმოებს მოლაპარაკებებს ღაზას სექტორში ცეცხლის სულ მცირე, ექვსი კვირით შეწყვეტის შესახებ, როგორც უფრო ფართო შეთანხმების ნაწილის ისრაელსა და რადიკალურ პალესტინურ დაჯგუფება "ჰამასს" შორის, რომელიც ასევე მოიცავს მძევლების გათავისუფლებას. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვაშინგტონში იორდანიის მეფე აბდულა მეორესთან მოლაპარაკების შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ როგორც პალესტინელი, ისე ისრაელის ხალხის მშვიდობის, უსაფრთხოებისა და ღირსებისთვის“, - აღნიშნა აშშ-ს პრეზიდენტმა.

ბაიდენის თქმით, ღაზას სექტორში ექვსკვირიანი ზავი, რომელზეც შეერთებული შტატები მუშაობს, შეიძლება დაეხმაროს, ერთი მხრივ, ისრაელის მძევლების გათავისუფლებას და, მეორე მხრივ, გაზარდოს ჰუმანიტარული დახმარების მოცულობა ღაზას მკვიდრებისთვის.

ასეთი დროებითი ზავი, – აღნიშნა ბაიდენმა, შეიძლება იყოს პირველი ნაბიჯი რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებისკენ.

ბაიდენმა ასევე მოუწოდა მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვისკენ, რომლებიც საომარ მოქმედებებს თავს აფარებენ სამხრეთ ღაზას სექტორში, ქალაქ რაფაში ეგვიპტის საზღვართან. საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების მონაცემებით, ბოლო დღეებში და კვირებში დაახლოებით მილიონ სამასმა ათასმა პალესტინელმა შეაფარა თავი ამ ქალაქს.

აშშ-ის პრეზიდენტმა კვლავ გააფრთხილა ისრაელი ამ ტერიტორიაზე სახმელეთო შეჭრის მიუღებლობის შესახებ „სანდო გეგმის გარეშე, რათა უზრუნველყოს უსაფრთხოება და მხარდაჭერა მილიონზე მეტი ადამიანისათვის, ვინც იქ აფარებს თავს“.

ისრაელი ასევე გააფრთხილა ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ რაფაში შტურმის მიუღებლობაზე. ეგვიპტე ისრაელთან სამშვიდობო ხელშეკრულების შეწყვეტით იმუქრება.

იორდანიის მეფე აბდულა II-მ ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე ღაზას სექტორში ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა. "ჩვენ არ შეგვიძლია, დავუშვათ რაფაზე თავდასხმა, ამას აუცილებლად მოჰყვება ჰუმანიტარული კატასტროფა", - თქვა მან. "ჩვენ გვჭირდება გრძელვადიანი ზავი ახლა. ეს ომი უნდა დასრულდეს", - თქვა იორდანიის მონარქმა.

იორდანია და სხვა არაბული სახელმწიფოები უკიდურესად აკრიტიკებენ ისრაელის ქმედებებს და უარს აცხადებენ საჯაროდ მხარი დაუჭირონ შემდგომი ქმედებების გრძელვადიან დაგეგმვას, დაჟინებით აცხადებენ, რომ ამას წინ უნდა უძღოდეს საომარი მოქმედებების შეწყვეტა.

ბაიდენის ადმინისტრაციამ ბოლო დროს უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავა ისრაელის მიმართ, გასულ კვირას განაცხადა, რომ თელ-ავივის პასუხი "ჰამასის" თავდასხმაზე იყო "გადაჭარბებული". ვაშინგტონმა განაცხადა, რომ არ დაუჭერს მხარს რაფაში დაწყებულ სამხედრო ოპერაციას მშვიდობიანი მოსახლეობის ინტერესების სათანადო გათვალისწინების გარეშე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S