ხილულ გამონაბოლქვზე ამ დრომდე 3 533 პირი დააჯარიმეს
13/02/2024 10:25:08 მსოფლიო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2023 წლის 4 სექტემბრიდან 2023 წლის 4 თებერვლის ჩათვლით პერიოდში ავტომობილის გამონაბოლქვზე ჯამში, 3 533 ფიზიკური და იურიდიული პირი დააჯარიმეს.
უწყების ცნობით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვს საქართველოს 4 დიდ ქალაქში, თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში აკონტროლებენ. დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყველაზე მეტი – 1614 ჯარიმა დაწერეს თბილისში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების/მფლობელების სახელზე. 769 სამართალდარღვევა დაფიქსირდა ქუთაისში, 646 – ბათუმში, 504 კი – ქალაქ რუსთავში.
"3 533 საჯარიმო ქვითრიდან 3030 ქვითარი ფიზიკური პირის სახელზე დაიწერა, 503 შემთხვევაში კი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იურიდიული პირები დააჯარიმეს. აქედან, 2033 საჯარიმო ქვითარი მსუბუქი ავტომობილების მძღოლების მიმართ არის შედგენილი, 1297 – მიკროავტობუსის, 202 – სატვირთო ავტომობილის, 1 კი — ავტობუსის მძღოლის სახელზე", – აცხადებენ დეპარტამენტში.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე – 300 ლარი, მესამე ჯერზე – 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა 500, 1500 და 3000 ლარია.


