Accentnews.ge
პოლიცია უკრაინელი სპორტსმენის სასტიკი მკვლელობის დეტალებს ასაჯაროებს

პოლიცია უკრაინელი სპორტსმენის სასტიკი მკვლელობის დეტალებს ასაჯაროებს

13/02/2024 10:30:29 მსოფლიო

გერმანიის პოლიციამ ახალი დეტალები გამოაქვეყნა 15 წლის თავდამსხმელის შესახებ, რომელმაც სასიკვდილოდ დაჭრა 17 წლის უკრაინელი კალათბურთელი ვლადიმერ ერმაკოვი და კიდევ ერთი უკრაინელი, რომელიც ახლა საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაშია.

როგორც Bild წერს პოლიციის ოფიცერზე დაყრდნობით, თავდამსხმელმა ორ უკრაინელს სულ მცირე ცხრა ჭრილობა მიაყენა დანით გულმკერდისა და მუცლის არეში.

"მას აშკარად არ აინტერესებდა, რომ ვინმე დაიღუპებოდა. არც დაკავებისას გამოუვლენია სინანულის ნიშნები. როგორც ჩანს, გაქვავდა მრავალი სისხლის სამართლის დანაშაულისა და პოლიციასთან შეტაკების გამო", - თქვა ოფიცერმა.

ორი უკრაინელის გარდა, თურქული წარმოშობის 15 წლის გერმანელი ასევე თავს დაესხა 13 წლის გოგონას ლიბანიდან და 14 წლის სკოლის მოსწავლეს სირიიდან. ისინი დახმარებას ცდილობდნენ, როდესაც დაინახეს, რომ მოზარდმა კალათბურთელები დანით დაჭრა.

"მათ მიიღეს დაზიანებები კიდურების არეში. ეს არის მძიმე დაზიანებები, მაგრამ, საბედნიეროდ, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ერთი მათგანი უკვე გაწერეს საავადმყოფოდან", - განაცხადა გამომძიებელმა.

სამართალდამცავებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ უკრაინელ სპორტსმენებზე თავდასხმამდე 15 წლის მოზარდმა ბევრი სხვა დანაშაული ჩაიდინა და რეგისტრირებული იყო ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის პოლიციაში. რაიონულმა მოსამართლემ ბიჭზე გაუფრთხილებლობით მკვლელობისა და სხეულის მძიმე დაზიანების ბრალდებით დაკავების ორდერი გასცა. გარდა ამისა, დააკავეს კიდევ ერთი 14 წლის მოზარდი, რომელიც ასევე მონაწილეობდა თავდასხმაში, მაგრამ ჭრილობები არ მიუყენებია. ისიც გერმანიის მოქალაქეა ბერძნული წარმოშობის.

"ეს არის გაუგებარი ქმედება, აბსოლუტურად უაზრო! თავდამსხმელი შეგნებულად ცდილობდა დაპირისპირებას მასზე უფროს, მაღალ და სპორტულ უკრაინელებთან, შემდეგ კი მყისიერად და უმოწყალოდ გამოიყენა დანა", - დასძინა ოფიცერმა.

სამართალდამცავების განცხადებით, 10 თებერვალს საღამოს ქალაქ ობერჰაუზენში, ვილი ბრანდტის მოედანზე, ავტობუსის გაჩერებაზე ახალგაზრდების ორ ჯგუფს შორის კონფლიქტი მოხდა. ისინი თავდაპირველად ავტობუსში კამათობდნენ, თუმცა აღნიშნულ მოედანზე ავტობუსიდან გადმოსვლის შემდეგ შელაპარაკება ფიზიკური შეტაკებაში გადაიზარდა. შემთხვევის შედეგად ოთხი ახალგაზრდა მძიმედ დაშავდა. თავდამსხმელები დანაშაულის ადგილიდან მიიმალნენ.

მალევე 17 წლის უკრაინელი კალათბურთელი საავადმყოფოში გარდაიცვალა. მეორე დღეს სამართალდამცავებმა ორი ეჭვმიტანილი დააკავეს - 15 წლის ბიჭი გელზენკირხენიდან და 14 წლის გერნედან. პოლიციისთვის ორივე მათგანი ცნობილი იყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S