რუსმა ჰაკერებმა ლიეტუვის შეიარაღებული ძალების სისტემების გატეხვა სცადეს
13/02/2024 11:37:50 მსოფლიო
თებერვლის დასაწყისში რუსი ჰაკერები ცდილობდნენ ლიეტუვის არმიის ელექტრონულ სისტემებში შეღწევას, თუმცა მცდელობა შენიშნეს და შეაჩერეს. იტყობინება LRT.
3 თებერვალს ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს რუსულმა ჰაკერულმა დაჯგუფებამ Just Evil-მა წვდომა მოიპოვა აშშ-ის და ლიეტუვის არმიების სისტემებზე. ლიეტუვის შეიარაღებულ ძალებში დაადასტურეს, რომ იმ დღეს მათ მართლაც შენიშნეს საეჭვო შესვლა დისტანციური სწავლების სისტემის ერთ-ერთ ანგარიშზე. ამის შემდეგ ILIAS სისტემის ჰოსტინგის სამი სერვერი გაითიშა.
„ლიეტუვის კიბერუსაფრთხოების ეროვნულმა ცენტრმა, ჯართან მჭიდრო თანამშრომლობით, დაიწყო გამოძიება; ინციდენტი ამჟამად განიხილება საშუალო საფრთხის მოვლენად“, - აცხადებენ შეიარაღებულ ძალებში.
როგორც იუწყებიან, ამ დროისთვის მონაცემების გაჟონვას ადგილი არ ჰქონია, თუმცა შემაჯამებელი დასკვნა გამოძიების დასრულების შემდეგ გაკეთდება. ILIAS სისტემა ამ დროისთვის გათიშულია გარე ქსელიდან და მიმდინარეობს განახლებები.
შეგახსენებთ, რომ თებერვლის დასაწყისში შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა ჩინეთის ჰაკერული ოპერაციის ჩაშლის შესახებ ამერიკული კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. 2023 წლის ბოლოს ევროკავშირი პირობითად შეთანხმდა „ევროპული კიბერფარის“ შექმნაზე.


