13-02-2024 16:28:41 პოლიტიკა
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის 2024 წლის ანგარიშში, რომელიც საორგანიზაციო ჯგუფის მიერ ყოველწლიურად მზადდება, მმართველი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი პრორუს ოლიგარქად არის მოხსენიებულია.
„რუსეთმა შესაძლოა, ვერ შეძლო საქართველოს, მოლდოვასა და დასავლეთ ბალკანეთის მის ბანაკში მოქცევა, მაგრამ ის კვლავ ცდილობს მათი დასავლური ინტეგრაციისთვის ხელშეშლას. პრორუსი ოლიგარქი და საქართველოს მმართველი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი პასუხისმგებელია ქვეყნის ბოლოდროინდელ დემოკრატიულ უკუსვლასა და ევროკავშირისგან დაშორებაზე, ქართული საზოგადოების უმრავლესობის სურვილის საწინააღმდეგოდ. რუსეთმა ასევე გამოიყენა მუქარა, გაეღვივებინა სეპარატიზმი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არასტაბილურობის დასათესად", – ნათქვამია ანგარიშში.
მიუნხენში ყოველწლიური უსაფრთხოების კონფერენცია 16-18 თებერვალს გაიმართება. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა კონფერენციიდან ოფიციალური მოწვევა მიიღო და აპირებს მონაწილეობის მიღებას.
მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტს მიუნხენის კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად მთავრობისთვის თანხმობის მისაღებად არ მიუმართავს.
უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას არ მიიღებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. მას პირველი ოფიციალური ვიზიტი ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში, ბრიუსელში ექნება.
მიუნხენის კონფერენციაზე საქართველოს მთავრობა საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში იქნება წარმოდგენილი.