რუსეთი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეიდან გადის
13/02/2024 14:09:06 მსოფლიო
რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს ხელმძღვანელმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა, რომ 21 თებერვლისთვის სახელმწიფო სათათბირო და ფედერაციის საბჭო სინქრონულად მიიღებენ გადაწყვეტილებას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის წევრობის შეწყვეტის თაობაზე. ამის შესახებ ვოლოდინმა სახელმწიფო სათათბიროს პლენარულ სხდომაზე განაცხადა, მას ციტირებს The Insider.
ვოლოდინმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას უწოდა "აბსოლუტურად პოლიტიზებული ორგანიზაცია, რომელიც ცეკვავს ვაშინგტონის მელოდიებზე".
”ამ სიტუაციაში ყველაზე ცუდი ის არის, რომ ჩვენ კვლავ ვიხდით ფულს და ვართ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გადამხდელი, ამიტომ, უნდა გამოვიდეთ და შევწყვიტოთ თანხების გადარიცხვა”, - დასძინა ვოლოდინმა.
საპარლამენტო ასამბლეა აერთიანებს ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის 57 წევრ სახელმწიფოს.
ორგანიზაცია შეიქმნა 1991 წელს ეუთოს მიზნების შესრულების მონიტორინგის, კონფლიქტების პრევენციისა და რეგულირების მექანიზმების შემუშავებისა და დანერგვის, ეუთოს მონაწილე ქვეყნებში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და კონსოლიდაციის მიზნით.
უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, რუსეთი გააძევეს მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციიდან. კერძოდ, რუსეთის ფედერაცია გარიცხეს ევროპის საბჭოსა და გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან. თუმცა, რუსეთის ფედერაცია კვლავ რჩება ეუთოს წევრად.


