ბაიდენი წარმომადგენელთა პალატას უკრაინისთვის განკუთვნილი დახმარების პაკეტის დამტკიცებისკენ მოუწოდებს
13/02/2024 17:11:56 მსოფლიო
აშშ–ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი წარმომადგენელთა პალატას უკრაინისა და ისრაელისთვის განკუთვნილი დახმარების პაკეტის დამტკიცებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ბაიდენის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც თეთრი სახლის ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა.
ბაიდენი მიესალმა კონგრესის ზედა პალატის, სენატის მიერ დღეს 95 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის დამტკიცებას, რომელიც მოიცავს 60 მილიარდ დოლარს უკრაინისთვის, და დაახლოებით 14 მილიარდ დოლარს ისრაელისთვის.
ძალაში შესასვლელად აღნიშნული დახმარების პაკეტი კონგრესის ქვედა პალატაში - წარმომადგენელთა პალატაშიც უნდა მიიღონ.
"წარმომადგენელთა პალატამ ზომები უნდა მიიღოს და დაუყოვნებლივ გამოაგზავნოს ეს ორპარტიული კანონპროექტი ჩემთან დასამტკიცებლად”, - ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში.


