ელჩი: უკრაინა და გერმანია უსაფრთხოების გარანტიებს ხელს უახლოეს პერიოდში მოაწერენ
13/02/2024 19:43:05 მსოფლიო
უკრაინა და გერმანია უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტის დასრულებაზე მუშაობენ და იმედოვნებენ, რომ მას ხელს მალე მოაწერენ. ამის შესახებ გერმანიაში უკრაინის ელჩმა ოლექსი მაკეევმა Ukrinform-თან ინტერვიუში განაცხადა.
"ჩვენ გვსურს, რომ არ დავაგვიანოთ ხელმოწერა... ვეძებთ შესაძლებლობას", - განაცხადა მაკეევმა.
ელჩმა არ დააკონკრეტა, იქნება თუ არა შესაძლებელი დოკუმენტზე ხელის მოწერა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე.
დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თქმით, ხელმოწერისთვის არა მხოლოდ უკრაინის მზადყოფნა, არამედ გერმანული მხარის მზადყოფნაც და რაც მთავარია ტექსტის მომზადებაა საჭირო. ელჩის განცხადებით, ორივე მხარის გუნდებს შორის მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი უკვე გაიმართა.
როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ მხარეები დოკუმენტების დამუშავების დასასრულს უახლოვდებიან.


