Accentnews.ge
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ შიდა უსაფრთხოების მდივნის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ შიდა უსაფრთხოების მდივნის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა

14/02/2024 05:35:03 მსოფლიო

ამერიკის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა შიდა უსაფრთხოების მდივნის ალეხანდრო მაიორკასის იმპიჩმენტს.

13 თებერვალს გამართული კენჭისყრის შედეგებით, მაიორკასის გადადგომას მიემხრო წარმომადგენელთა პალატის 214 წევრი. წინააღმდეგი იყო 213. პირველი მცდელობისას, 7 თებერვალს, იმპიჩმენტის ინიციატივამ საკმარისი ხმები ვერ მიიღო.

რესპუბლიკელები მაიორკასს ადანაშაულებენ კონგრესისთვის ყალბი ცნობების მიწოდებასა და იმიგრაციასთან დაკავშირებული კანონების შეუსრულებლობაში, რამაც მათი აზრით, გამოიწვია ამერიკა-მექსიკის საზღვარზე მიგრანტების სარეკორდო ნაკადი. ალეხანდრო მაიორკასი და პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია რესპუბლიკელების ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ.

საკითხი ახლა სენატში გადადის, სადაც უმრავლესობაში დემოკრატები არიან. სავარაუდოდ, სენატში საკითხი ჩავარდება.

სამშაბათს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კენჭისყრას უწოდა "არაკონსტიტუციური პარტიულობის აშკარა აქტი".

მან რესპუბლიკელებს მოუწოდა, თუ საზღვარზე არსებული ვითარება გულწრფელად აწუხებთ, პოლიტიკური ტრიუკების ნაცვლად მხარი დაუჭირონ კონგრესის მიერ მეტი ფინანსური რესურსის გამოყოფას საზღვრის დაცვის გასაძლიერებლად.

დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის თვეებია, გრძელდება უთანხმოება მექსიკის ტერიტორიიდან აშშ-ში არალეგალურად ჩამსვლელი მიგრანტების საკითხზე. მხოლოდ 2023 წლის დეკემბერში საზღვარი გადაკვეთა 300 ათასამდე ადამიანმა, რაც თვის სარეკორდო მაჩვენებელი იყო. საზღვრის საკითხში უთანხმოების გამო აშშ-ის კონგრესი ვერ ახერხებს რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად აუცილებელი დაფინანსების გამოყოფას.

2024 წლის 4 თებერვალს, ამერიკის შეერთებული შტატების სენატში მიაღწიეს ორპარტიულ შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებდა 118 მილიარდი დოლარის გამოყოფას უკრაინის(60 მილიარდზე მეტი), ისრაელის და ტაივანის დასახმარებლად და ასევე, მექსიკასთან საზღვარზე უსაფრთხოების ზომების და მიგრაციის პოლიტიკის გასამკაცრებლად. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტობის პოტენციურმა კანდიდატმა, რესპუბლიკელმა ექს-პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეს შეთანხმება გააკრიტიკა და თანაპარტიელებს მისი უარყოფისკენ მოუწოდა, სენატში 7 თებერვალს ჩატარებული პროცედურული კენჭისყრისას კანონპროექტმა საკმარისი ხმები ვერ მიიღო.13 თებერვალს სენატმა, მათ შორის 22 რესპუბლიკელის მხარდაჭერით მიიღო კანონპროექტი, რომელიც აღარ მოიცავს საზღვრის საკითხს და უკრაინის, ისრაელის და ტაივანის დასახმარებლად 95 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. ამ კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრი რესპუბლიკელები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S