სირსკი: უკრაინა თავდაცვით ოპერაციაზე გადავიდა მტრის გამოფიტვის მიზნით
14/02/2024 06:58:13 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მთავარსარდალი ოლექსანდრ სირსკი ფრონტზე არსებულ ვითარებას რთულად აფასებს და ამბობს, რომ უკრაინა შეტევითი მოქმედებებიდან დროებით თავდაცვით ოპერაციებზე გადადის.
"შეტევითი მოქმედებებიდან თავდაცვით ოპერაციებზე გადავედით. ჩვენი ოპერაციების მიზანია მოწინააღმდეგის გამოფიტვა, მისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენება". - თქვა სირსკიმ.
მისი თქმით, ამჟამად განსაკუთრებით დაძაბული შეტაკებები მიმდინარეობს კუპიანსკის მიმართულებით, სადაც რუსეთის ძალებს მიზნად აქვთ დასახული დასახლების ნებისმიერ ფასად აღება და ყოველდღიურად ახორციელებენ შეტევით მოქმედებებს:
„ფაქტობრივად, მტერმა ამ მიმართულებით შეტევა 2023 წლის 3 ოქტომბერს დაიწყო და უკვე 4 თვეა, რაც ახორციელებს მაღალი ინტენსივობის შეტევას. მათი დანაკარგები, განსაკუთრებით დაღუპულების სახით ჩვენსას 7–8-ჯერ აღემატება“.
მან ასევე აღნიშნა, რომ დრონების როლი ომში ყოველდღიურად იზრდება ორივე მხრიდან მათი გამოყენების ზრდის გამო. ასევე თქვა, რომ უკრაინამ დაიწყო სახმელეთო რობოტიზებული დანადგარების გამოყენებაც, რაც სამხედრო პერსონალის სიცოცხლის გადარჩენის საშუალებას იძლევა.


