
გონიო-აფსაროსის ციხის ტერიტორიაზე რომაული ყაზარმის ანალოგი შენობა აშენდა
14/02/2024 07:20:25 რეგიონები, რეკლამა
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, გონიო-აფსაროსის ციხის ტერიტორიაზე რომაული ყაზარმის ანალოგი შენობა აშენდა.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა და მოადგილე ზაურ ახვლედიანმა გონიო-აფსაროსის ციხის ტერიტორიაზე რომაული ყაზარმის ანალოგი შენობა მოინახულეს, რომლის მშენებლობაც ახლახანს დასრულდა.
"ეს იქნება ახალი სამუზეუმო სივრცე, სადაც გონიოს ციხის ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ თვალნათლივ დაინახონ ,,გაცოცხლებული" რომაელი ჯარისკაცების ყოფა-ცხოვრება. შენობაში განთავსებული იქნება ჯარების მეთაურის ოთახი, ჯარისკაცების საძინებელი, იარაღის შესანახი ოთახი, რომაული სამზარეულო და სხვა დამხმარე სათავსოები.
პარალელურად მიმდინარეობს გონიო-აფსაროსის სამუზეუმო სივრცის განახლების და პეტრას ციხეზე ახალი სამუზეუმო სივრცის მოწყობის სამუშაოები, სადაც განთავსებული იქნება გონიოსა და პეტრას ციხეზე აღმოჩენილი არტეფაქტები. სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება", – აცხადებენ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში.