Accentnews.ge
თბილისში 47 წლის კაცის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ძმებს პატიმრობა შეუფარდეს

თბილისში 47 წლის კაცის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ძმებს პატიმრობა შეუფარდეს

14/02/2024 09:37:42 სამართალი

თბილისში, ავლაბარში 47 წლის ფელიქს კაპანოვის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ძმებს ედვინ ბაგაშვილსა და კარლო გალოიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო.

პროკურატურა მათ მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, ადვოკატი კი, მათი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას.

პროკურორების – ლევან ჟორჟოლაძისა და გრიგოლ ბიბილეიშვილის განცხადებით, ბრალდებულების მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე არსებობს.

მათივე განმარტებით, 2015 წელს, ედვინ ბაგაშვილზე ძებნა იყო გამოცხადებული სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო. ძებნა ასევე გამოცხადებული იყო კარლო გალოიანის მიმართაც.

გრიგოლ ბიბილეიშვილის განცხადებით, არსებობს ინფორმაცია, რომლის მიხედვით, მოკლულს ერთ-ერთ საქმეზე ედვინ ბაგაშვილის მიმართ მამხილებელი ჩვენება აქვს მიცემული. პროკურორის თქმით, ეს გარემოება დასადგენია. მისივე განცხადებით, ორივე ბრადებული რამდენჯერმეა ნასამართლევი.

ადვოკატის თქმით, არც ერთი ძმა ძალადობრივ დანაშაულზე არაა ნასამართლევი.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები არსებული უთანხმოების ნიადაგზე, ფელიქს კაპანოვს საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი ის სანადირო თოფიდან გასროლით მოკლეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ძმებს ბრალი დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად, უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "ი" ქვეპუნქტითა და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, ასევე 126-ე პირველი პრიმა "ბ" ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S