Accentnews.ge
Reuters: მოსკოვმა ვაშინგტონთან მოლაპარაკება სცადა უკრაინაში სამხედრო ოპერაციების გაყინვის თაობაზე

Reuters: მოსკოვმა ვაშინგტონთან მოლაპარაკება სცადა უკრაინაში სამხედრო ოპერაციების გაყინვის თაობაზე

14/02/2024 10:54:43 მსოფლიო

შეერთებულმა შტატებმა უარი თქვა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წინადადებაზე, რომელიც კონფლიქტის გაყინვის მიზნით, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს,– იუწყება Reuters მოლაპარაკების შესახებ ინფორმირებულ სამ რუსულ წყაროზე დაყრდნობით.

„ამერიკელებთან კონტაქტებს არაფერი მოჰყოლია", - განუცხადა სააგენტოს წყარომ, რომელიც იცნობს 2023 წლის ბოლოს და 2024 წლის დასაწყისში მიმდინარე მოლაპარაკებას.

წყაროების ცნობით, კრემლი ვაშინგტონს სთავაზობდა სამხედრო ოპერაციების გაყინვას ფრონტის ხაზზე ამჟამად არსებული პოზიციებზე.

წყაროები ყვებიან, რომ 2023 წელს პუტინმა პირადად, შუამავლების მეშვეობით, - მათ შორის ახლო აღმოსავლეთში მოსკოვის არაბი პარტნიორების - ვაშინგტონს აცნობა, რომ მზად არის განიხილოს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობა.

კიდევ ერთი რუსული წყაროს ცნობით, შეერთებულმა შტატებმა შუამავლების მეშვეობით მოსკოვს აცნობა, რომ უკრაინის მონაწილეობის გარეშე ცეცხლის შესაძლო შეწყვეტას არ განიხილავს და შესაბამისად, მოლაპარაკებები მარცხით დასრულდა.

პარალელურად, სააგენტოს წყარომ შეერთებულ შტატებში განაცხადა, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ოფიციალური კონტაქტები არ არსებობს და ხაზი გაუსვა, რომ კიევის მონაწილეობის გარეშე შეერთებული შტატები არ აწარმოებს რუსეთთან ისეთ მოლაპარაკებებს, რომელიც გავლენას მოახდენდა უკრაინის ინტერესებზე. რუსეთის ხელისუფლებას ამ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

ეს არ არის პირველი ცნობა, რომ რუსეთის პრეზიდენტი გარკვეულ სიგნალებს უგზავნის შეერთებულ შტატებს სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნის შესახებ. პუტინის მხრიდან ასეთი მზადყოფნის შესახებ იანვრის ბოლოს Bloomberg-მა კრემლთან დაახლოებულ ორ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია. უფრო ადრე New York Times წერდა ამის შესახებ.

კიევისთვის, როგორც ეს ოფიციალურად არაერთგზის ითქვა, კატეგორიულად მიუღებელია სამშვიდობო შეთანხმება ნებისმიერი ტერიტორიის დათმობის ხარჯზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S