Accentnews.ge
სტოლტენბერგი: აშშ–ს ომი მარტო არასოდეს უბრძოლია, უნდა გვახსოვდეს, რომ ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მე–5 მუხლი გამოვიყენეთ, 11 სექტემბრის თავდასხმა იყო

სტოლტენბერგი: აშშ–ს ომი მარტო არასოდეს უბრძოლია, უნდა გვახსოვდეს, რომ ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მე–5 მუხლი გამოვიყენეთ, 11 სექტემბრის თავდასხმა იყო

14/02/2024 14:42:05 მსოფლიო

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აშშ–ის ექს–პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადების შესახებ ალიანსის თავდაცვის მინისტერიალის წინ გამართულ პრეს–კონფერენციაზეც ისაუბრა.

  • საუბარია, ტრამპის განცხადებაზე, რომლის თანახად, "წაახალისებდა რუსეთს, დაარტყას NATO–ს წევრებს, რომლებიც თავდაცვაზე საკმარის თანხებს არ ხარჯავენ".

სტოლტენბერგს ტრამპის განცხადების შესახებ კითხვა რამდენიმე ჟურნალისტმა დაუსვა. ერთ–ერთი მათგანი დაინტერესდა, რამდენად მოულოდნელი იყო ექს–პრეზიდენტის განცხადება და ხომ არ გაჟღერებულა მსგავსი აზრი რესპუბლიკელების მიერ მასთან იანვარში აშშ–ში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე.

საპასუხოდ სტოლტენბერგმა შემდეგი განაცხადა:

"იანვარში ვაშინგტონში ჩემი ვიზიტისას შევხვდი ბევრ რესპუბლიკელს, როგორც წარმომადგენელთა პალატაში, ისე სენატში. ყველა მათგანის გზავნილი და საერთო შეთანხმება იყო ძლიერი მხარდაჭერა NATO–სადმი და უკრაინისადმი და ამიტომ მივესალმები აშშ-ის სენატის გადაწყვეტილებას უკრაინის დახმარების პაკეტის შესახებ და ვიმედოვნებ, კონგრესი მას მხარს დაუჭერს, რათა უკრაინამ კვლავ მიიღოს მნიშვნელოვანი სამხედრო მხარდაჭერა ამერიკიდან.

ვფიქრობ, ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ძლიერი NATO მნიშვნელოვანია ევროპისთვის. ცხადია, რომ ჯარები, აშშ-ის ჯარები ევროპაში, ამერიკის ერთგულება ევროპის უსაფრთხოების მიმართ აუცილებელია ევროპელ მოკავშირეებზე თავდასხმის თავიდან ასაცილებლად. მაგრამ ძლიერი NATO ასევე კარგია შეერთებული შტატებისთვის. NATO–ს წყალობით შეერთებულ შტატებს აქვს ისეთი რამ, რაც არცერთ სხვას [დიდ ძალას] არ აქვს და ეს არის 30-ზე მეტი მეგობარი და NATO–ს მოკავშირე. ეს შეერთებულ შტატებს უფრო ძლიერს და უსაფრთხოს ხდის.

ამიტომ, ალიანსის სიძლიერის შენარჩუნება შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებში შედის. აშშ-ის კონგრესში ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერაა NATO–სადმი. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი: კრიტიკა, რომელიც გვესმის, პირველ რიგში, NATO–ს არ ეხება. საქმე იმაშია, რომ NATO–ს მოკავშირეები საკმარისს არ ხარჯავენ NATO–ზე. ეს სწორი არგუმენტია. ეს არის შეხედულება და გზავნილი, რომელიც გადმოცემულია აშშ-ის თანმიმდევრული ადმინისტრაციების მიერ: "ევროპელმა მოკავშირეებმა და კანადამ მეტი უნდა დახარჯონ, რადგან ჩვენ ვერ ვხედავთ ალიანსში ტვირთის სამართლიან განაწილებასო". კარგი ამბავი ის არის, რომ სწორედ ამას აკეთებენ NATO–ს მოკავშირეები. უფრო და უფრო მეტი მოკავშირე უახლოვდება თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ის დახარჯვას და გვპირდებიან, რომ ამას ძალიან მალე მიაღწევენ. ის ფაქტი, რომ ჩვენ ახლა ვხედავთ რეკორდულ მაღალ ხარჯებს მთელ ევროპაში, ევროპელ მოკავშირეებში, მხოლოდ ხაზს უსვამს იმას, რომ ამ გზავნილმა გავლენა მოახდინა. ევროპელმა მოკავშირეებმა და კანადამ გააძლიერეს ძალისხმევა და მე ველი, რომ ისინი გააგრძელებენ ამას. როგორც უკვე ვთქვი ძლიერი NATO ასევე მნიშვნელოვანია აშშ–სთვის, რადგან ის აძლიერებს შეერთებულ შტატებს.

შეერთებულ შტატებს ომი მარტო არასოდეს უბრძოლია. ისინი ყოველთვის იბრძვიან თავიანთ მოკავშირეებთან ერთად და ეს აძლიერებს შეერთებულ შტატებს. კორეის ომიდან დაწყებული ავღანეთით დამთავრებული, NATO–ს მოკავშირეები იბრძოდნენ ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად. უნდა გვახსოვდეს, რომ ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ჩვენ გამოვიყენეთ NATO–ს დამფუძნებელი ხელშეკრულების მე–5 მუხლი 2001 წლის 11 სექტემბერს იყო – შეერთებულ შტატებზე თავდასხმის შემდეგ. ასობით ათასი კანადელი და ევროპელი ჯარისკაცი მსახურობდა ავღანეთში შეერთებული შტატების დასაცავად და ბევრმა გაიღო საკუთარი სიცოცხლე. სწორედ ამიტომ არის NATO–ს ძლიერი მხარდაჭერა შეერთებულ შტატებში. მათ, რა თქმა უნდა, იგივე ესმით, რაც ევროპელებს, რომ ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ. რაც უფრო მეტად აშფოთებთ მათ ჩინეთი, მით უფრო მნიშვნელოვანია ძლიერი NATO–ს შენარჩუნება, რადგან შეერთებული შტატები წარმოადგენს მსოფლიო მშპ-ს 25%-ს. NATO–ს მოკავშირეებთან ერთად ჩვენ წარმოვადგენთ მსოფლიო ეკონომიკის 50%-ს და მსოფლიო სამხედრო ძალის 50%-ს. ასე რომ, სანამ ჩვენ ერთად ვიდგებით, ვიცავთ ერთმანეთს, ჩვენ უსაფრთხო ვართ და ავიცილებთ თავდასხმას და ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ დავიცვათ ჩვენი ღირებულებები ძლიერი ტრანსატლანტიკური კავშირებით".

ცნობისთვის: ევროპის ლიდერები, თეთრი სახლი და NATO აშშ–ის ექს–პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას გმობენ. ტრამპი ხსენებული განცხადებებით "რესპუბლიკური პარტიის" მხრიდან პრეზიდენტობის კანდიდატად ნომინირებისთვის წარმოებული კამპანიისას 11 თებერვალს გამოვიდა. ტრამპი პრეზიდენტად ყოფნის პერიოდში ალიანსის საჭიროებაზე ხშირად გამოთქვამდა ეჭვებს და იმუქრებოდა, რომ NATO–ს დატოვებდა, თუკი წევრი ქვეყნები თავდაცვაზე საკმარის ხარჯებს არ გაიღებდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S