ISW: უკრაინა ბრძოლის ველზე უპირატესობებს დაკარგავს, თუ დასავლეთი ახლა შეწყვეტს დახმარებას
14/02/2024 18:06:52 მსოფლიო
უკრაინა დაკარგავს თავის ამჟამინდელ უპირატესობას ბრძოლის ველზე, თუ დასავლეთის სახელმწიფოები, განსაკუთრებით შეერთებული შტატები, უფრო ადრე შეწყვეტენ მის დახმარებას, ვიდრე უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიული ბაზა დიდწილად თვითკმარი გახდება. ამის შესახებ ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი (ISW) თავის ანგარიშში წერს.
„თუ აშშ ახლა შეწყვეტს სამხედრო დახმარებას, რუსული ჯარები შეძლებენ, აღიდგინონ საბრძოლო შესაძლებლობები, რაც რუსეთს გაცილებით უკეთეს სამხედრო პოზიციაში დააყენებს საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში. უკრაინის ამჟამინდელი საბრძოლო შესაძლებლობები დიდწილად დამოკიდებულია დასავლური სამხედრო დახმარების საკვანძო სისტემებზე, რომელთა უმეტესობის მიწოდება მხოლოდ შეერთებულ შტატებს შეუძლია. დასავლური სამხედრო დახმარების წყალობით, უკრაინულ ძალებს ახლა აქვთ ტექნოკოგიური უპირატესობები კონტრბატარეულ ბრძოლაში და აქვთ საშუალო და შორ მანძილზე დარტყმების განხორციელების შესაძლებლობა“, - ნათქვამია მოხსენებაში.
ანალიტიკოსებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ უკრაინული ძალები ვერ შეძლებენ ამ უპირატესობების შენარჩუნებას შეერთებული შტატებისა და მისი პარტნიორი ქვეყნების შემდგომი დახმარების გარეშე უახლოეს და საშუალოვადიან პერიოდში.
აშშ–ის კონგრესში რამდენიმე თვეა, ვერ თანხმდებიან უკრაინისთვის 60 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარების გამოყოფაზე რესპუბლიკელების წინააღმდეგობის გამო.
აშშ-ის სენატმა 13 თებერვალს გამართულ ღამის სესიაზე საბოლოოდ დაამტკიცა კანონპროექტი, ახლა კანონპროექტი უნდა დაამტკიცოს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, სადაც უმრავლესობა რესპუბლიკელებს აქვთ.


