კანადა უკრაინას $44 მილიონს გამოუყოფს F-16–ებისთვის
14/02/2024 18:28:19 მსოფლიო
კანადა უკრაინას გამოუყოფს 60 მილიონ კანადურ დოლარს (დაახლოებით 44 მილიონი აშშ დოლარი) F-16 გამანადგურებლების მომსახურებისთვის, განაცხადა კანადის თავდაცვის მინისტრმა ბილ ბლერმა 14 თებერვალს უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მე-19 შეხვედრაზე.
„დღევანდელ შეხვედრაზე მინისტრმა ბლერმა გამოაცხადა, რომ კანადა 60 მილიონი დოლარის ახალ კონტრიბუციას შეიტანს კოალიციაში უკრაინის საჰაერო ძალების შესაძლებლობების გასაძლიერებლად. ეს წვლილი გამოყენებული იქნება უკრაინაში F-16–ების მდგრადი შესაძლებლობების შესაქმნელად“, - ნათქვამია კანადის თავდაცვის სამინისტრის განცხადებაში.
განცხადების თანახმად, თანხები მიემართება F-16-ების კრიტიკული მასალების და აღჭურვილობის უზრუნველყოფისკენ, მათ შორის სათადარიგო ნაწილების და საბრძოლო მასალის ჩათვლით.
უკრაინის მოკავშირეები 14 თებერვალს ბრიუსელში მართავენ შეხვედრას, რათა განიხილონ კიევისთვის შემდგომი სამხედრო დახმარება.
"რამშტაინის" შემდეგ, რომელსაც ნატოს 31-ვე წევრი და უკრაინის 23 სხვა მოკავშირე ესწრება, ასევე გაიმართება ალიანსის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა.


