ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი: პუტინის კიდევ ერთი ხომალდის ჩაძირვა ძლიერი შეხსენებაა, თუ როგორ შეუძლია უკრაინას ომის მოგება
14/02/2024 18:41:04 მსოფლიო
რუსული დიდი სადესანტო გემის "ცეზარ კუნიკოვის" განადგურება არის შეხსენება იმისა, თუ როგორ შეუძლია უკრაინას რუსეთთან ომის მოგება დასავლელი პარტნიორების დახმარებით. ეს მოსაზრება ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა გრანტ შაპსმა სოციალურ ქსელ X-ში გამოთქვა.
„დღეს მე შევხვდები მოკავშირეებს უკრაინის შეიარაღებული ძალების დაფინანსების გლობალურ კონფერენციაზე. პუტინის კიდევ ერთი სამხედრო ხომალდის ჩაძირვა გახდება ძლიერი შეხსენება იმისა, თუ როგორ შეუძლია უკრაინას, მოიგოს ეს ომი ჩვენი დაფინანსებით“, - თქვა შაპსმა.
მისი თქმით, ყველა ქვეყანამ უნდა გადადგას ნაბიჯი, რათა დაეხმაროს უკრაინას „თავისუფლების ფრონტის“ დაცვაში.
14 თებერვალს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ გამოაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის დიდ სადესანტო ხომალდ "ცეზარ კუნიკოვს" შეუტიეს Magura V5-ის დახმარებით. როგორც აღინიშნა, მისია სპეცრაზმმა 13–მა შეასრულა. უწყება ასევე ამტკიცებს, რომ რუსეთის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია წარუმატებელი აღმოჩნდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებული ტელეგრამ–არხ Rybar-ის თანახმად, რუსულ სადესანტო ხომალდზე მართლაც განხორციელდა დარტყმა, მაგრამ მისი დაზიანების ხარისხი უცნობია.


