ლატვია 15 თებერვლიდან იწყებს რუსეთში რეგისტრირებული მანქანების კონფისკაციას
14/02/2024 20:10:14 მსოფლიო
15 თებერვალს ლატვიაში ძალაში შედის საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში შესული ცვლილებები, რომელიც რუსეთში რეგისტრირებული მანქანების ჩამორთმევის შესაძლებლობას იძლევა.
ამგვარი მანქანების მფლობელ ლატვიელებს 14 თებერვლამდე მისცეს დრო, ქვეყნიდან გაეყვანათ მანქანები ან ადგილზე დაერეგისტრირებინათ.
გარდა ჩამორთმევისა, რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანების მფლობელებს 750-დან 2 000 ევრომდე ჯარიმის გადახდა მოუწევთ, – განაცხადა ლატვიის შინაგან საქმეთა მინისტრმა რიჰარდს კოზლოვსკისმა.
გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ დიპლომატიური მანქანებისთვის და მათთვის, ვინც ლატვიის გავლით ტრანზიტით მგზავრობს და ლატვიაში დარჩება არა უმეტეს ერთი დღისა.
როგორც Delfi იტყობინება, ჩამორთმეული მანქანები შესაძლოა, უკრაინაში გაგზავნონ.
ლატვიაში საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში ცვლილებები გასული წლის ნოემბერში შევიდა. უფრო ადრე, სექტემბერში, რიგამ ქვეყანაში რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანების შესვლა აკრძალა. გასულ შემოდგომაზე, ევროკავშირის ყველა ქვეყანამ, რომელიც რუსეთს ესაზღვრება, ქვეყანაში რუსული მანქანების შეშვება შეწყვიტა.


