ტრამპმა ბაიდენის შესახებ პუტინის განცხადება „კომპლიმენტად“ აღიქვა
15/02/2024 09:21:51 მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ–ის ლიდერ ჯო ბაიდენის შესახებ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადება „კომპლიმენტად“ აღიქვა.
გამოცემა Newsweek-ის ინფორმაციით, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სამხრეთ კაროლინის შტატში მყოფმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მიუხედავად ბევრი ადამიანის უარყოფითი რეაქციისა, სინამდვილეში მას რუსეთის პრეზიდენტმა „არაჩვეულებრივი კომპლიმენტი“ გაუკეთა.
მანამდე, პუტინმა განაცხადა, რომ ტრამპს ბაიდენი ურჩევნია.
ჟურნალისტის კითხვაზე, "2024 წლის ნოემბერში აშშ-ში გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნები და ვინ არის მისთვის უკეთესი ბაიდენი თუ ტრამპი?", პუტინმა შემდეგი განაცხადა:
"ბაიდენი, რადგან უფრო გამოცდილი ადამიანი, პროგნოზირებადი, ძველი ფორმაციის პოლიტიკოსია“.
პუტინმა ისიც თქვა, რომ იმუშავებენ აშშ-ის ნებისმიერ ლიდერთან, რომელსაც ამერიკელი ხალხი ნდობას გამოუცხადებს.


