თეთრმა სახლმა პალესტინელების დეპორტაციისგან დაცვის შესახებ განაცხადა
15/02/2024 12:22:15 მსოფლიო
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებში მცხოვრები პალესტინელები დაცულნი იქნებიან დეპორტაციისგან ისრაელსა და რადიკალურ დაჯგუფება "ჰამასს" შორის მიმდინარე ომის ფონზე. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის ჯეიკ სალივანის განცხადებაშია ნათქვამი.
„ადგილზე (ღაზაში) მიმდინარე კონფლიქტისა და ჰუმანიტარული საჭიროებების გათვალისწინებით, პრეზიდენტმა ბაიდენმა ხელი მოაწერა მემორანდუმს აშშ-ის ტერიტორიაზე რიგი პალესტინელების დეპორტაციის გადადების შესახებ“, - თქვა მან.
მისი თქმით, დაცვა გაგრძელდება 18 თვის განმავლობაში და პალესტინელებს, რომელთაც ამის უფლება აქვთ, დროებითი თავშესაფარი მიეცემათ.
"სერიოზული დანაშაულისთვის მსჯავრდებულები ან ისინი, ვინც სხვაგვარად საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, არ ექვემდებარებიან იძულებითი გამგზავრების გადადების უფლებას. ვინც ნებაყოფლობით დაბრუნდება პალესტინის ტერიტორიებზე, დაკარგავს ნებისმიერ ასეთ დაცვას", - ნათქვამია მის განცხადებაში.
ბაიდენის გადაწყვეტილება მიღებულია მას შემდეგ, რაც 100-ზე მეტმა დემოკრატმა დეპუტატმა მოუწოდა თეთრ სახლს, გამოიყენოს "დროებითი დაცვის სტატუსი", რათა ამჟამად აშშ-ში მყოფი პალესტინელები არ გახდნენ იძულებული, დაბრუნდნენ სახიფათო ადგილებში. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აწარმოებს გამოძიებას ისრაელის არმიის ქვედანაყოფების მიერ ღაზაში ბრძოლების დროს ამერიკული იარაღის შესაძლო შეთანხმების წესების დარღვევით გამოყენებაზე.


