სტოლტენბერგი: აშშ დარჩება NATO-ს მტკიცე მოკავშირედ მინიმუმ, სამი მიზეზის გამო
15/02/2024 17:42:13 მსოფლიო
NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ აშშ კვლავ იქნება NATO-ს მტკიცე მოკავშირე მინიმუმ, სამი მიზეზის გამო. ამის შესახებ მან ალიანსის თავდაცვის მინისტერიალის დასრულების შემდეგ გამართულ პრეს–კონფერენციაზე ისაუბრა.
"რაც შეეხება კითხვას აშშ-ის მიერ NATO-ს მხარდაჭერის საკითხზე, რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ 31 დემოკრატიული ქვეყანა ატლანტიკის ორივე მხარეს და რაც ეს ალიანსი არსებობს, NATO-ს მოკავშირეებში ყოველთვის იყო განსხვავებული შეხედულებები და დისკუსიები, მათ შორის NATO-ს შესახებ. თუ გადახედავთ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებს, ნახავთ, რომ NATO-ს რეკორდულად მაღალი მხარდაჭერა აქვს როგორც ჩრდილოეთ ამერიკაში, აშშ-სა და კანადაში, ისე ევროპაში. დარწმუნებული ვარ, რომ NATO ისტორიაში ყველაზე ძლიერ და წარმატებულ ალიანსად დარჩება. მაქვს მოლოდინი, რომ შეერთებული შტატები დარჩება ალიანსის მტკიცე მოკავშირედ მინიმუმ, სამი მიზეზის გამო:
- ძლიერი NATO შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებში შედის;
- შეერთებულ შტატებში NATO–ს ორპარტიული მხარდაჭერა რეალურად არსებობს;
- შეერთებულ შტატებში კრიტიკა პირველ რიგში, NATO–სკენ არ არის მიმართული. ის მიმართულია ალიანსის მოკავშირეებზე, რომლებიც არ ხარჯავენ საკმარის ფულს NATO–ზე", – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, აშშ–ის კრიტიკა თავდაცვის ხარჯებთან დაკავშირებით სამართლიანი იყო, თუმცა ახლა ვითარება შეიცვალა "გაზრდილი თავდაცვის ხარჯებით კანადასა და ევროპაში".
როგორც მან აღნიშნა, ახლა სულ უფრო მეტი მოკავშირე ხარჯავს თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს.
მისი თქმით, შეერთებული შტატების ინტერესებშია ძლიერი ნატო, რადგან არცერთ სხვა დიდ ძალას არ ჰყავს 30-ზე მეტი მეგობარი და მოკავშირე და ეს აძლიერებს აშშ-ს.
"შეერთებული შტატები წარმოადგენს მსოფლიო მშპ-ს 25%-ს. NATO–ს მოკავშირეებთან ერთად ჩვენ წარმოვადგენთ მსოფლიო ეკონომიკის 50%-ს და მსოფლიო სამხედრო ძალის 50%-ს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ შეერთებულ შტატებს ომი მარტო არასოდეს უბრძოლია. კორეის ომიდან დაწყებული ავღანეთით დამთავრებული, NATO–ს მოკავშირეები იბრძოდნენ ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ჩვენ გამოვიყენეთ NATO–ს დამფუძნებელი ხელშეკრულების მე–5 მუხლი 2001 წლის 11 სექტემბერს იყო – შეერთებულ შტატებზე თავდასხმის შემდეგ. ასობით ათასი კანადელი და ევროპელი ჯარისკაცი მსახურობდა ავღანეთში შეერთებული შტატების დასაცავად და ბევრმა გაიღო საკუთარი სიცოცხლე. ასე რომ, შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებში შედის NATO–ს, როგორც ისტორიაში ყველაზე წარმატებული ალიანსის შენარჩუნება და ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ აშშ ამას გააკეთებს", – დასძინა მან.
ცნობისთვის: ცოტა ხნის წინ აშშ–ის ექს–პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ "წაახალისებდა რუსეთს, დაარტყას NATO–ს წევრებს, რომლებიც თავდაცვაზე საკმარის თანხებს არ ხარჯავენ". ევროპის ლიდერები, თეთრი სახლი და NATO აშშ–ის ექს–პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას გმობენ. ტრამპი ხსენებული განცხადებებით "რესპუბლიკური პარტიის" მხრიდან პრეზიდენტობის კანდიდატად ნომინირებისთვის წარმოებული კამპანიისას 11 თებერვალს გამოვიდა. ტრამპი პრეზიდენტად ყოფნის პერიოდში ალიანსის საჭიროებაზე ხშირად გამოთქვამდა ეჭვებს და იმუქრებოდა, რომ NATO–ს დატოვებდა, თუკი წევრი ქვეყნები თავდაცვაზე საკმარის ხარჯებს არ გაიღებდნენ.


