წარმომადგენელთა პალატაში უკრაინის მხარდამჭერი პროექტის კენჭისყრა გადაიდო
16/02/2024 06:13:52 მსოფლიო
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ არდადეგები უკრაინის დახმარების შესახებ კანონპროექტზე კენჭისყრის გარეშე დაიწყო. აღნიშნულის გამო თეთრმა სახლმა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი სპიკერი მაიკ ჯონსონი გააკრიტიკა.
თეთრი სახლის წარმომადგენელმა ენდრიუ ბეიტსმა განაცხადა, რომ აღშფოთებული არიან სპიკერ ჯონსონის მიერ შესვენების ნაადრევად გამოცხადებით ნაცვლად იმისა, რომ დაასრულოს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ზიანის მოტანა. პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინის სამხედრო დახმარებას ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების საკითხადაც განიხილავს.
მაიკ ჯონსონის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ერთი წინადადებით გამოეხმაურა პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. მისი განცხადებით, "კრიტიკულ მომენტში უკრაინის მხარდაჭერაზე უარი არასდროს იქნება დავიწყებული".
კანონპროექტი, რომელიც უკრაინისთვის 60-მილიარდიან დახმარებას ითვალისწინებს, 13 თებერვალს სენატმა დაამტკიცა. პრეზიდენტის ხელმოწერამდე დოკუმენტს სჭირდება წარმომადგენელთა პალატის თანხმობა. კენჭისყრა 16 თებერვალს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა სპიკერმა ჯონსონმა 28 თებერვლამდე პრეზიდენტის დღესთან დაკავშირებული არდადეგები გამოაცხადა.


