ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 2,8-ჯერ შემცირდა
16/02/2024 08:53:22 მსოფლიო
რუსეთსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ბრუნვა ომამდელ 2021 წელთან შედარებით 2,8-ჯერ შემცირდა. ეს გამომდინარეობს ევროპული სააგენტოს Eurostat-ის ბოლო სტატისტიკიდან, რომელზეც RBC-მ გაამახვილა ყურადღება.
2023 წლის ბოლოს რუსეთმა ევროკავშირის ქვეყნებს 50,6 მილიარდი ევროს ღირებულების პროდუქტი მიჰყიდა, ხოლო ევროკავშირმა რუსეთს – 38,3 მილიარდი ევროს ღირებულების.
ამავდროულად, რუსეთიდან ევროკავშირში იმპორტის უმეტესი წილი კვლავ ნავთობპროდუქტებზე მოდის - 29,1 მილიარდი ევრო. ევროპული ქვეყნები აგრძელებენ რუსეთისგან მილსადენებით გაზის სეძენას, ასევე თხევადი ბუნებრივი აირის, რომელიც სანქციების ქვეშ არ მოხვედრილა. ამასთან, რუსული გაზის წილი ევროკავშირის იმპორტში მაინც შემცირდა: 2021 წლის 40%-დან გასული წლის 15%-მდე.
ასევე, ბულგარეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი და ჩეხეთი აგრძელებენ რუსული ნავთობის ყიდვას ზღვით (ბულგარეთი შეჩერებას 2024 წლის მარტში აანონსებს) და "დრუჟბას" ნავთობსადენის გავლით.
ნავთობპროდუქტების გარდა, ევროკავშირის ქვეყნები რუსეთისგან ყიდულობენ შავ და ფერად ლითონებს, ბირთვულ საწვავს და სასუქებს. ევროკავშირის ქვეყნები აწვდიან ფარმაცევტულ პროდუქტებს რუსეთს - მთელი ევროპული ექსპორტის დაახლოებით 23% - და სხვა საქონელს, რომელიც ძირითადად დაკავშირებულია "ჰუმანიტარულ" მიწოდებასთან.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 12 პაკეტი უკვე შემოიღო. 2024 წლის იანვარში Politico-მ განაცხადა, რომ ყველა ძირითადი საქონელი უკვე სანქციების ქვეშ მოექცა.


