მიუნხენში უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა
16/02/2024 10:44:02 მსოფლიო
მიუნხენში უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. სამდღიან შეხვედრაში მონაწილეობას 50-მდე ქვეყნის და მთავრობის მეთაური მიიღებს.
კონფერენციის ხელმძღვანელი ქრისტოფ ჰოისგენია. მისი თქმით, კონფერენციის ლოზუნგია „მშვიდობა დიალოგის გზით“. მიუნხენში ჩასული არიან, მათ შორის ისრაელის და პალესტინელთა წარმომადგენლები.
17 თებერვალს მიუნხენში ასევე ელიან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელიც მანამდე, ბერლინს და პარიზს ესტუმრება და იქ უშიშროების სფეროში ხელშეკრულებებს გააფორმებს მასპინძელ ქვეყნებთან.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, მან კონფერენციიდან ოფიციალური მოწვევა მიიღო. თავის მხრივ, მთავრობის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ პრეზიდენტს მიუნხენის კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად მთავრობისთვის თანხმობის მისაღებად არ მიუმართავს. მისივე ცნობით, მიუნხენის კონფერენციაზე საქართველოს მთავრობა საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში იქნება წარმოდგენილი.
ამავე თემაზე: გეოგრაფიის ორი ეფექტი: რატომ არის საქართველოსთვის მნიშვნელოვანი მიუნხენის პლატფორმა.


