FT: დასავლეთს სულ უფრო მეტად სჯერა რუსეთის მხრიდან NATO–ს ქვეყანაზე შესაძლო თავდასხმის
16/02/2024 11:18:22 მსოფლიო
რუსეთის სამხედრო პოტენციალისა და ნატოს უსაფრთხოების საფრთხეების ახალმა შეფასებებმა განაპირობა დასავლური მთავრობების მხრიდან გახშირებული გამაფრთხილებელი განცხადებები სამხედრო ალიანსის წევრ ქვეყანაში რუსეთის შესაძლო თავდასხმის თაობაზე. ამის შესახებ Financial Times წერს.
”ჩვენ მართლაც ვცხოვრობთ საშიშ დროში და მომენტში, როდესაც ფართომასშტაბიანი კონფლიქტი უფრო სავარაუდოა, ვიდრე ოდესმე იყო უახლესი ისტორიის განმავლობაში",– თქვა ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენელმა.
კიდევ ერთი ბრიტანელი სამხედრო ოფიციალური პირი აღნიშნავს, რომ რუსეთის სამხედრო ზრახვები ჯერ კიდევ არსებობს.
”მისი სახმელეთო ძალები უკრაინაში დეგრადირდნენ, მაგრამ მისი საჰაერო და საზღვაო ძალები დიდწილად დაუზიანებელია და რუსეთი კვლავ მთავარი ბირთვული ძალაა”, - თქვა მან.
დასავლელი ოფიციალური პირების შეშფოთების ერთ-ერთი მიზეზი გასული წლის განმავლობაში რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიის აღორძინება გახდა, რაც დასავლეთში ბევრისთვის შეუძლებლად მიჩნეული სისწრაფით მოხდა.
მასალაში ნათქვამია, რომ წლის განმავლობაში რუსეთმა 4 მილიონი საარტილერიო ჭურვი და რამდენიმე ასეული ტანკი დაამზადა. უკრაინის ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ წელს ის კიდევ 400 ათას ადამიანს გამოიყვანს სრულმასშტაბიანი მობილიზაციის გარეშე.
მიუხედავად იმისა, რომ რუსულმა არმიამ უკრაინის წინააღმდეგ ორწლიან ომში დიდი დანაკარგები განიცადა, დასავლელი ოფიციალური პირების უმეტესობა ვარაუდობს, რომ ის ძალების აღდგენას მომდევნო 5–6 წელიწადში შეძლებს.
ერთ-ერთმა ევროპელმა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ რუსეთის „განზრახვა და უნარი“, თავდასხმა განახორციელოს ნატოს ქვეყანაზე ათწლეულის ბოლომდე, „თითქმის კონსენსუსის“ საგანია სამხედრო ალიანსში.
გამოცემას ასევე მოჰყავს უკრაინელი ოფიციალური პირის სიტყვები, რომელმაც აღნიშნა, რომ კიევს აქვს „ძლიერი სადაზვერვო მონაცემები“, რომ პუტინი ბალტიისპირეთის ქვეყნების წინააღმდეგ ომისთვის ემზადება.
თუმცა, ალიანსის ზოგიერთი წევრი სკეპტიკურად უყურებს შესაძლო თავდასხმის საკითხს.
„ჩვენ გვჯერა, რომ ის (პუტინი - რედ.) სერიოზულად უყურებს ჩვენს მიერ მე–5 მუხლით აღებულ ვალდებულებებს (კოლექტიური თავდაცვა) და არ სურს ნატოსთან ბრძოლა“, - თქვა აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანმა.


