Accentnews.ge
რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახური ამტკიცებს, რომ ალექსეი ნავალნი ციხეში გარდაიცვალა

რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახური ამტკიცებს, რომ ალექსეი ნავალნი ციხეში გარდაიცვალა

16/02/2024 11:39:43 მსოფლიო

რუსეთის იამალო-ნენეცის ავტონომიური ოკრუგის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ოფისი თავის ვებგვერდზე 47 წლის ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ იუწყება.

„2024 წლის 16 თებერვალს, No3 გამოსასწორებელ კოლონიაში, მსჯავრდებულმა ა.ა. ნავალნიმ სიარულის შემდეგ თავი ცუდად იგრძნო, თითქმის მაშინვე დაკარგა გონება“, - ნათქვამია მოხსენებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაწესებულების სამედიცინო მუშაკები სასწრაფოდ მივიდნენ ადგილზე და „სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი გამოიძახეს“.

„განხორციელდა ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება, მაგრამ დადებითი შედეგი არ გამოიღო. სასწრაფო დახმარების ექიმებმა მსჯავრდებულის გარდაცვალება დაადასტურეს. გარდაცვალების მიზეზები დგინდება“, - ნათქვამია ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის განცხადებაში.

ალექსეი ნავალნის ადვოკატმა ლეონიდ სოლოვიოვმა განუცხადა Novaya Gazeta-ს, რომ მან ოთხშაბათს მოინახულა ნავალნი კოლონიაში და "მაშინ ყველაფერი კარგად იყო“.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ მომხდარის შესახებ ინფორმირებულია. ”არსებობს გარკვეული წესები, რომლითაც ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახური ახლა ხელმძღვანელობს”, - თქვა პესკოვმა.

პოლიტიკოსის გარდაცვალების შესახებ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც ინფორმირებულია.

ორი დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ნავალნი სადამსჯელო იზოლატორში 27–ედ გადაიყვანეს, ამჯერად 7 დღით. სადამსჯელო იზოლატორის საკნის პირობები განსაკუთრებით მკაცრია: პატიმრებს არ აძლევენ თეთრეულს, ეკრძალებათ შეხვედრა ახლობლებთან, სატელეფონო საუბრები, ამანათების მიღება გარედან, სეირნობა და სურსათის შეძენა მაღაზიაში.

2023 წლის აგვისტოში მოსკოვის სასამართლომ ალექსეი ნავალნის 19 წლით პატიმრობა მიუსაჯა, როცა დამნაშავედ ცნო ექსტრემისტული ჯგუფის დაარსებაში, ექსტრემიზმისკენ მოწოდებასა და მის დაფინანსებაში. პოლიტიკოსი თავს დამნაშავედ არ ცნობს, ბევრი სამართალდამცავი ორგანიზაცია მას პოლიტპატიმრად მიიჩნევს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S