ლატვიის პრეზიდენტი: ნავალნი სასტიკად მოკლა კრემლმა და ესაა, რაც უნდა იცოდეთ რეჟიმის ჭეშმარიტი ბუნების შესახებ
16/02/2024 12:44:07 მსოფლიო
ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩი რუსეთის კოლონიაში ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის დაღუპვის შესახებ ცნობებს ეხმიანება და კრემლი პოლიტიკოსის მკვლელობაში დაადანაშაულა.
"როგორც არ უნდა ფიქრობთ ალექსეი ნავალნიზე, როგორც პოლიტიკოსზე, ის სასტიკად მოკლა კრემლმა. ეს ფაქტია და ეს არის ის, რაც თქვენ უნდა იცოდეთ ამჟამინდელი რუსული რეჟიმის ჭეშმარიტი ბუნების შესახებ", - დაწერა მან X–ზე.
რინკევიჩმა მიუსამძიმრა ოპოზიციონერის ოჯახს.
რუსეთის იამალო-ნენეცის ავტონომიური ოკრუგის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ოფისი ვებ–გვერდზე 47 წლის ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ გამოქვეყნდა ცნობა.
„2024 წლის 16 თებერვალს, No3 გამოსასწორებელ კოლონიაში, მსჯავრდებულმა ა.ა. ნავალნიმ სიარულის შემდეგ თავი ცუდად იგრძნო, თითქმის მაშინვე დაკარგა გონება“, - ნათქვამია მოხსენებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაწესებულების სამედიცინო მუშაკები სასწრაფოდ მივიდნენ ადგილზე და „სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი გამოიძახეს“.
„განხორციელდა ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება, მაგრამ დადებითი შედეგი არ გამოიღო. სასწრაფო დახმარების ექიმებმა მსჯავრდებულის გარდაცვალება დაადასტურეს. გარდაცვალების მიზეზები დგინდება“, - ნათქვამია ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის განცხადებაში.
ალექსეი ნავალნის ადვოკატმა ლეონიდ სოლოვიოვმა განუცხადა Novaya Gazeta-ს, რომ მან ოთხშაბათს მოინახულა ნავალნი კოლონიაში და "მაშინ ყველაფერი კარგად იყო“.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ მომხდარის შესახებ ინფორმირებულია. ”არსებობს გარკვეული წესები, რომლითაც ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახური ახლა ხელმძღვანელობს”, - თქვა პესკოვმა.
პოლიტიკოსის გარდაცვალების შესახებ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც ინფორმირებულია.
ორი დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ნავალნი სადამსჯელო იზოლატორში 27–ედ გადაიყვანეს, ამჯერად 7 დღით. სადამსჯელო იზოლატორის საკნის პირობები განსაკუთრებით მკაცრია: პატიმრებს არ აძლევენ თეთრეულს, ეკრძალებათ შეხვედრა ახლობლებთან, სატელეფონო საუბრები, ამანათების მიღება გარედან, სეირნობა და სურსათის შეძენა მაღაზიაში.
2023 წლის აგვისტოში მოსკოვის სასამართლომ ალექსეი ნავალნის 19 წლით პატიმრობა მიუსაჯა, როცა დამნაშავედ ცნო ექსტრემისტული ჯგუფის დაარსებაში, ექსტრემიზმისკენ მოწოდებასა და მის დაფინანსებაში. პოლიტიკოსი თავს დამნაშავედ არ ცნობს, ბევრი სამართალდამცავი ორგანიზაცია მას პოლიტპატიმრად მიიჩნევს.


